„ინტერი ძლიერი გუნდია, მაგრამ შანსები თანაბარია“ - მაცარისა და დი ლორენცოს პრესკონფერენცია
ხვალ, იტალიის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ და კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვალტერ მაცარი:
„ნაპოლი“ გასული სეზონის ჩემპიონატის გამო მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, ეს დე ლაურენტისის დამსახურებაცაა და გუნდი თითქმის ყოველთვის თამაშობს თასებზე. ამ ტურნირის მოგება ძალიან დაგვეხმარება, მაგრამ მგონია, რომ „ნაპოლი“ მთელ მსოფლიოში უკვე სარგებლობს დიდი პოპულარობით. ჩემი 23-წლიანი კარიერის განმავლობაში სუპერთასის ფინალში მეორედ აღმოვჩნდი და იმედი მაქვს, ამჯერად გავიმარჯვებ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, უკვე ვამაყობ ამ გუნდით და ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვედი. გუნდში კარგი ფეხბურთელები მყავს, ახალგაზრდები არიან და მათთვისაც არ არის მარტივი სუპერთასის მეორე ფინალში თამაში. ხვალ კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ ასე მოვიგებთ.
ჩვენ ვნახეთ ყველაფერში გადატვირთული ინტერი. მსგავს შეჯიბრში დიდ გუნდებს შესაძლოა ჰქონდეთ დაცემის მცირე მომენტები. თუმცა, მგონია, რომ ახლა მათთვის საუკეთესო პერიოდია. თუ გავიმარჯვებთ, ეს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს სეზონის დარჩენილ პერიოდში. მოედანზე გუნდი არასდროს გამყავს ფრეზე, მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. არ დაგვავიწყდეს, ეს ბიჭები იტალიის ჩემპიონები არიან. მიმდინარე სეზონში ინტერს უკვე ვეთამაშეთ და 3:0 წავაგეთ, ეს კი ღია თამაშის გამო მოხდა. კონტრშეტევებზე დეფექტები გვქონდა, მაგრამ ბიჭები მენტალურად ძლიერები არიან.
რა თქმა უნდა, დანაკლისი სერიოზულია. კითხვისნიშანის ქვეშაა დემეს თამაში, ოლივეირა არ იქნება. ალბათ, განაცხადში კაიუსტე გვეყოლება. ჟიელინსკი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს. გამოჯანმრთელდა და წინა მატჩში სათამაშო დრო მიეცა. არ ვიცი, ხვალ რამდენი წუთი მიეცემა, დღეს გადავწყვეტთ.
ჯოვანი დი ლორენცო:
ატმოსფერო სტადიონზე: ვფიქრობ, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც მოედანზე ხდება და არა მის გარეთ. სამწუხაროა, რომ „ნაპოლის“ ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, რადგან მატჩი აქ იმართება, მაგრამ ნეაპოლიდან ფანები აუცილებლად მოგვყვებიან. ჩვენი სახლიდან შორს ვართ და ვეცდებით, შინ თასით დავბრუნდეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის.
ფინალის მნიშვნელობაზე: როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი ტიტულია. აქ მხოლოდ მოსაგებად ვართ. ტიტულის მოგება უფრო დიდ ენთუზიაზმსა და თავდაჯერებულობას მოგვცემს, რაც სეზონის მეორე ნაწილში ძალიან დაგვეხმარება. გუნდი მაქსიმალურად არის კონცენტრირებული და ხვალინდელ მატჩში მთელ ჩვენს ენერგიას ჩავდებთ.
ახალი ტაქტიკური წყობა: ვფიქრობ, ფორმაციის მიღმა ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორ ინტერპრეტაციას მისცემ საკუთარ თამაშს. ქაღალდზე ეს შედარებით დაცვითი ფორმაციაა, მაგრამ პრაქტიკაში, უფრო ბევრი შეტევითი პოტენციალის მოთამაშეა. რა თქმა უნდა, ჩვენს წინ დიდი გუნდი იქნება, თუმცა, შეტევაში ძალიან ძლიერი წყვილი გვეყოლება. მნიშვნელოვანია, რომ დაცვით ფაზაში კარგად ვითამაშოთ, ეს ასპექტი განსაზღვრავს მთელი გუნდის თამაშს. უნდა ვეცადოთ, რომ მათი ყველა მახასიათებლები შევზღუდოთ და როცა ბურთი გვექნება, ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვაჩინოთ.
ფავორიტი? ვფიქრობ, ფინალებში ფავორიტებზე საუბარი არასწორია. ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც აქ იმის გამო არიან, რაც გასულ სეზონში გააკეთეს. ინტერი ძლიერი გუნდია, კარგად თამაშობს და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომზადებულები დავხვდებით.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 22 იანვარს, საქართველოს დროით 23:00 საათზე საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში გაიმართება.