ნაპოლის ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს - სიმონე ინძაგი ფინალის წინ
იტალიის სუპერ თასის ფინალში მილანის „ინტერის’’ მეტოქე „ნაპოლია’’. მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა.
სიმონე ინძაგი: „იტალიის სუპერ თასის ზედიზედ მესამედ მოგება გვსურს. გასულ წელს ფინალში „მილანს’’ მოვუგეთ, ორი წლის წინ „სან სიროზე’’ „იუვენტუსი’’ დავამარცხეთ. ადვილი არ იქნება, თუმცა ხვალ იგივე უნდა გავაკეთოთ და კვლავ გავიმარჯვოთ.
ვნახეთ რომ „ნაპოლიმ’’ სათამაშო სისტემა შეცვალა. ბურთის ფლობის კუთხით ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს „ფიორენტინასთან’’ ვერ ვნახეთ, მაგრამ „ფიორენტინაც’’ ის გუნდია, რომელიც ბურთის კონტროლის თვასაზრისით სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხვალ არ ვიცით „ნაპოლი’’ რა სქემით ითამაშებს. შესაძლოა, მაცარიმ ახალი სქემა გადაწყვიტოს. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
„ნაპოლი’’ იტალიის მოქმედი ჩემპიონია, პრობლემები ჰქონდა, თუმცა ხარისხიანი და ღრმა შემადგენლობა ჰყავს.
სუპერ თასის ფინალისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ნახევარფინალის შემდეგ გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად 72 საათზე ნაკლები დრო იყო, რაც პრობლემაა, მაგრამ გუნდი სამუშაო გეგმას უნდა მიჰყვეს’’.
თუ ფინალს „ინტერი’’ მოიგებს, სიმონე ინძაგი ფაბიო კაპელოსა და მარჩელო ლიპის რეკორდს გააუმჯობესებს. სამივე მათგანმა მწვრთნელის ამპლუაში სუპერ თასი ოთხჯერ მოიგო, ინძაგის გადასწრების კარგი შანსი აქვს.
„ნაპოლი'' - „ინტერის'' დაპირისპირება 22 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება.