ფროზინონემ ქართველი ფეხბურთელი გაუშვა | გიუნაშვილი საქართველოში დაბრუნდა
„ფროზინონე“ „ნაპოლისთან“ ერთად მუშაობს, რათა პერსპექტიული სერბი ფეხბურთელი, მატია პოპოვიჩი დაიმატოს. ნეაპოლელები მის გაფორმებასა და 6-თვიანი იჯარის წესით, „კანარინიში“ განათხოვრებას აპირებენ და პოპოვიჩის დასამატებლად „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელის გაშვება მოუწია.
პოპოვიჩის გადასაყვანად, „ფროზინონეს“ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლის გაშვება დასჭირდა, რადგან არაევროკავშირელთათვის გამოყოფილი კვოტა გუნდში შევსებული იყო. სამწუხაროდ, ეს ფეხბურთელი აკაკი გიუნაშვილი აღმოჩნდა.
გიუნაშვილი „ფროზინონეს“ ზაფხულში, ფოთის „კოლხეთიდან“ შეუერთდა და იტალიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა. Tuttofrosinone-ს ინფორმაციით, იგი „კოლხეთს“ დაუბრუნდა, უკვე საქართველოში იმყოფება და როგორც კი ბიუროკრატიული საკითხები მოგვარდება, „კანარინი“ პოპოვიჩს გაიფორმებს.
საინტერესოა, რომ სერბი ფეხბურთელის გარდა, „ნაპოლი“ „ფროზინონეს“ ალესიო ძერბინსაც დაუთმობს, რომელმაც „ფიორენტინასთან“ დუბლი გაიფორმა. „კანარინი“ მასაც იჯარის წესით გადაიყვანს.