კონტრაქტი არ გაწყვეტილა - რატომ წაშალა ალ ჰილალმა ნეიმარი განაცხადიდან
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ალ ჰილალს’’ ნეიმართან კონტრაქტი არ გაუწყვეტია. ინფორმაცია მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
„ალ ჰილალმა’’ ბრაზილიელი საუდის არაბეთის ჩემპიონატის განაცხადიდან წაშალა, რადგან მძიმე ტრავმის გამო ნეიმარი გუნდს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება, ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო განაცხადში ადგილი რენან ლოდისთვის გამოათავისუფლეს.
გასულ ზაფხულში ნეიმარი პსჟ-დან „ალ ჰილალში’’ გადავიდა, ხუთ მატჩში 1 გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ „სელესაოში’’ თამაშისას მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ასევე გეტყვით, რომ ნეიმარი კოპა ამერიკასაც გამოტოვებს. ამ თემაზე დეკემბერში „სელესაოს'' ექიმმა ისაუბრა.
„საკმარისი დრო არაა და არასაჭირო რისკების გაღებასა და სარეაბილიტაციო ეტაპების გამოტოვებას, რათა ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდეს, აზრი არ აქვს. ვვარაუდობთ, რომ 2024 წლის ევროპული სეზონისთვის, რომელიც აგვისტოში იწყება, მზად იქნება. აუცილებელია, მოთმინება გამოვიჩინოთ და შესაფერისი დრო არაა იმაზე სასაუბროდ, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი 9 თვეზე ნაკლებს გაგრძელდება. ნეიმარის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია იმხელა პაუზა აიღოს, რამდენიც საჭიროა და მყესები ბოლომდე აღიდგინოს“, - განაცხადა ექიმმა ლასმარმა.
რაც შეეხება „ალ ჰილალს'', ჟორჟე ჟეზუსის გაწვრთნილი გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატს ლიდერობს, ნეიმარის არყოფნაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდარ მიტროვიჩია, რომელმაც 17 მატჩში 17 გოლი შეაგდო.