„ახალი როლი, მეტი დატვირთვა დაცვაში“ | როგორ შეაფასეს იტალიურმა გამოცემებმა კვარას თამაში
საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 3:0 იმარჯვა. „კვარას“ ბევრი გამოსარჩევი მომენტი არ ჰქონია და აი, ასე გამოეხმაურა იტალიური პრესა მის თამაშს.
Tuttonapoli: „იძულებული იყო, პრაქტიკულად განაპირა მცველის პოზიციაზე ეთამაშა და სახიფათოობა დაკარგა. მისი შეფასება რთულია“.
Calcionapoli1926: „შესანიშნავი ენთუზიაზმი პირველ ტაიმში და ბრწყინვალე მოქმედება სიმეონეს გოლის მომენტში. ნამდვილი კვარას დაბრუნების პროცესი გრძელდება“.
OA Sport: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველ ფეხბურთელს სიზუსტე ისევ არ აქვს. ძალიან უცნაურია, მარტივი ფაზებისას, მისი შეცდომების ნახვა. შესამჩნევი არ ყოფილა, მაგრამ თავდადება არ აკლდა“.
Sportmediaset: „ახალი როლი 3-4-3 ტაქტიკაში, რის გამოც, მეტოქისთვის ხიფათის შექმნის ნაცვლად, უფრო ხშირად დაცვაში თამაში უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის „განაპირა მცველის“ პოზიციაზე თამაშობდა, საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო და მისი ქმედების შემდეგ, ჟუან ჟეზუში ცარიელი დარჩა, რასაც სიმეონეს გასროლა მოჰყვა“.
Calcionapoli24: „ცდილობდა, აქტიური ყოფილიყო. მეტოქის კარისკენ ზურგით მყოფმა კარგად ითამაშა, რასაც ნაპოლის გოლი მოჰყვა. როცა ფლანგზე ბურთი ჰქონდა, მის წინააღმდეგ ყოველთვის ორი ფეხბურთელი იყო. სამწუხაროა, რომ 61-ე წუთზე, სიზუსტე დააკლდა, ვერ გათვალა და ზედმეტად ძლიერი პასი გააკეთა. იბრძოლა და თანაგუნდელებთან ერთად ირბინა“.
Calciomercato: „მნიშვნელოვანი მოქმედება პირველი გოლისას. ჟეზუში სივრცეში დატოვა და გზა გაუთავისუფლა. გარღვევის მოხდენის ცოტა შანსი ჰქონდა, რადგან ნაპოლის გრავიტაციული ცენტრი უკან იყო დაწეული“.
Ilgiornale: „სიმეონეს გოლში მონაწილეობა მიიღო. მეტოქეები კარგად და ყურადღებით მეურვეობდნენ. გუნდისთვის ბევრი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ფინალურ შეხვედრას 22 იანვარს გამართავს და „ლაციოს“ ან „ინტერს“ დაუპირისპირდება.