დამაჯერებელი გამარჯვება - ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ფინალშია
იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
ვალტერ მაცარიმ თავისი გაიტანა და აურელიო დე ლაურენტისი სათამაშო სქემის ცვლილებაზე დაითანხმა. ნეაპოლელები „იებს“ 3-4-3 სქემით დაუპირისპირდნენ და ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როცა „პარტენოპეიმ“ 4-3-3-ს უღალატა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშის შემდეგ გაიხსნა. კვარამ ჟესუსს რთული სიტუაციიდან ბურთი გააყოლა, ბრაზილიელმა კი ჯოვანი სიმეონე დასარტყმელზე დატოვა, არგენტინელმაც ზუსტად გაისროლა.
ტაიმის მიწურულს „ფიორენტინამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც იკონემ არაზუსტად შეასრულა და შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმი უღიმღამო გამოდგა. მომენტები არ იქმნებოდა. ვალტერ მაცარიმ 72-ე წუთზე კვარაცხელია და პოლიტანო შეცვალა.
იტალიელმა სპეციალისტმა ცვლილებები გამოიცნო. 84-ე და 86-ე წუთებზე შეცვლაზე შესრულმა ძერბინიმ დუბლი გაიფორმა და მატჩს წერტილი დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ფინალში „ინტერი“ ან „ლაციო“ ელის.