ზაზა დოლიძე: „დინამო თბილისი არ გაყიდულა, მაგრამ რამდენიმე ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“
საქართველოს პირველმა არხმა „დინამო თბილისის“ დირექტორს, ზაზა დოლიძეს კომენტარი ჩამოართვა გუნდში მიმდინარე საკადრო სიახლეებზე და კლუბის გაყიდვასთან გავრცელებულ ინფორმაციებზე.
„რა ცვლილებებით შეხვდება „დინამო თბილისი“ ახალ სეზონს? განვაგრძობთ ფუნქციონირებას. აკადემიის აღზრდილებზე აქცენტი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ 2024 წლიდან გუნდში ლეგიონერები მინიმალური რაოდენობით გვყავდეს, ხოლო აკადემიის აღზრდილებს უფრო პატარა ასაკიდან მივცეთ მთავარ გუნდში თამაშის საშუალება.
განვლილი წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ უფრო ეფექტურია ადრიანად ძირითად გუნდში მათი ინტეგრაცია. შემდეგ ეს ფეხბურთელები უფრო კარგ კლუბებში მიდიან, საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრების წევრები ხდებიან. ჩვენი ეროვნული გუნდის წარმატება რომ გვიხარია, ამაში ძალიან დიდი წვლილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილებს მიუძღვით. გაიყიდა თუ არა „დინამო“? კლუბი არ გაყიდულა და ისევ ბატონი რომან ფიფიას საკუთრებაა, მაგრამ რამდენიმე ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ამჟამინდელ გამოწვევევებს ჩვენი ძალებით მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით“, – განაცხადა ზაზა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გუნდი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეისყიდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ დასტურდება.
წყარო 1tv.ge