“თუ წავაგებთ, ღრუბლებიდან ჩამოვვარდები“ - ანჩელოტი დერბის წინ
კოპა დელ რეის მერვედფინალში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„ვფიქრობ, ხვალინდელი დაპირისპირება იმაზე რთული იქნება, ვიდრე ეს სუპერ თასზე იყო. კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ზუსტად იმავეს ფიქრობს „ატლეტიკოც.“ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ყველა მატჩი განსხვავებულია და ხვალინდელი პლეი-ოფის სტადიაა. წააგებ და ვარდები. შეიძლება იყოს დამატებითი დროც და პენალტებიც.
გასახდელში შექმნილი ატმოსფერო ძალიან მომწონს. წარმატების მთავარი საწინდარი მოტივირებული და მშვიდი გარემოა. თუ ხვალ დერბის ვერ მოვიგებ ღრუბლებიდან ჩამოვვარდები. კარგი წაუგებელი სერია გვაქვს და არ ვიცი როდის შეწყდება. ბევრი ტრავმირებული გვყავდა, მაგრამ ამ სიტუაციას გავუძელით.
ვინისიუსი ტრავმის შემდეგ, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. ის ყოველდღიურად ვითარდება და უფრო სახიფათო ხდება. როდრიგოსთან კარგად კომბინირებს. ბრაჰიმ დიასმა „მილანში“ უდიდესი განათლება და გამოცდილება მიიღო. ის ახლა უფრო ძლიერია და მოკლე მონაკვეთში მოწინააღმდეგეს დიდებულად ატყუებს. ის ასევე დაცვით სამუშაოშიც კარგია.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „რეალი“ და „ატლეტიკო“ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა. შემდეგ კი „ბლანკოსმა“ ფინალში „ბარსელონას“ მოუგო.