იტალიური მედია: რომას სათავეში დანიელე დე როსი ჩაუდგება
ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად ამავე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, დანიელე დე როსი მოიაზრება.
Sport Italia-ს ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება. „რომაში“ დანიელე დე როსი სეზონის ბოლომდე დაინიშნება, ასისტენტობას კი „ლეჩეს“ ყოფილი ნახევარმცველი, გილერმო ჯაკომაცი და „უდინეზეს“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯამპიერო პინცი გაუწევენ.
ცნობისთვის, დე როსის „რომას“ შემადგენლობაში 616 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბთან ერთად მან ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა.
2021 წელს ის იტალიის ნაკრებში, რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო და „სკუადრა აძურამ“ ამ პერიოდში ევრო 2021 მოიგო. იტალიის ნაკრების შემდეგ ის იტალიურ „სპალს“ ჩაუდგა სათავეში და გუნდს 2023 წლის თებერვლამდე წვრთნიდა.