გოგას 29 წუთი და 11 მოხსნა | ორლანდომ მძიმე ბრძოლაში მოიგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ფლორიდელებმა, საკადრო პრობლემების მიუხედავად, მაინც გაიმარჯვეს და „ნიუ იორკ ნიქსს“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს.
გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, „ორლანდო“ ერთი ქულით აგებდა - 88:89, მაგრამ გადამწყვეტი დრო მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და 98:94 მოიგო.
ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 29 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 3 ქულა, 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა გახლავთ. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, დაკარგვა არ ჰქონია და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
„ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 20 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. ჩუმა ოკეკემ და კოულ ენტონიმ 15-15 ქულა დააგროვეს, უენდელ კარტერ ჯუნიორის მონაგარი 17 ქულა და 3 მოხსნა იყო. „ნიქსის“ მხრიდან 20 ქულით მაილს მაკბრაიდი გამოირჩა. ოჯი ანუნობის 17 ქულა ჰქონდა, ჯულიუს რენდლს - 15.
ცნობისთვის, „ორლანდო“ 22 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს გამართავს და სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.