ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-3 შეხვედრა გამართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 22:19 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება ჩაიწერა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი ფრედ, 9:9 ითამაშა, მეორე ტაიმში კი 13:10 გაიმარჯვა. დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო გოლეადორი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი შვიდჯერ აიღო, 5 გოლი დიხამინჯიას ანგარიშზია, 3-3 გოლის გატანა არსენაშვილმა, კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ შეძლეს, ერთი გოლიც კი რუსტამოვმა შეაგდო.
ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან 29:34 დათმო, მეორე ტურში კი ევროპის ხუთგზის ჩემპიონ შვედეთთან 26:42 დამარცხდა. საბოლოოდ, ქართველმა ხელბურთელებმა ჯგუფური ეტაპი 1 მოგებითა და 2 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულეს და გათამაშებას გამოეთიშნენ, მომდევნო ეტაპის საგზური კი ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.