დანიელ ქვარცხავა, გიორგი ნიკოლაიშვილი, მიუნხენის ბაიერნის კამპუსი (აკადემია)
Aa
Aa

17 წლის ქართველი ბაიერნში? - ნიკოლაიშვილი ბავარიელთა პასუხის მოლოდინშია

CrystalSport-ის ცნობით, „საბურთალოს’’ 17 წლის ფეხბურთელი გიორგი ნიკოლაიშვილი მიმდინარე თვეში „ბაიერნის’’ 19-წლამდე გუნდში ვარჯიშობდა. ახლახან გერმანიიდან დაბრუნდა. კლუბს მასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ფეხბურთელი და მისი წარმომადგენელი პასუხის მოლოდინში არიან. შესაძლოა, ნიკოლაიშვილი „ბაიერნში’’ გამოსაცდელად კიდევ ერთხელ გაემგზავროს.

ნიკოლაიშვილი გერმანულ კლუბში მეორედ იმყოფებოდა. პირველად გასული წლის მეორე ნახევარში დანიელ ქვარცხავასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მათ დაახლოებით ერთი კვირა გაატარეს (იხილეთ).

ამ თვეში „ბაიერნში’’ ნიკოლაიშვილთან ერთად ქვარცხავასაც ელოდნენ, თუმცა დანიელმა ნოემბერში კოჭი მოიტეხა და  მისი „ბაიერნში’’ გამგზავრება გადაიდო.

ნიკოლაიშვილთან დაკავშირებით ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი, გერმანიაშია დაბადებული, 5 წლის ასაკამდე გერმანიაში ცხოვრობდა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველოსი და გერმანიის). „ბაიერნის“ სურვილის შემთხვევაში გერმანულ კლუბს ნიკოლაიშვილის გაფორმება 18-წლამდეც შეუძლია. ასე რომ, ბიუროკრატიული თვალსაზრისით „ბაიერნისთვის“ ნიკოლაიშვილის გაფორმება მარტივია. მოგეხსენებათ, 18-წლამდე ქართველ ფეხბურთელებს, რომელთაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, უცხოურ კლუბში გადასვლა ძალიან უჭირთ, რადგან არაევროკავშირელის სტატუსის გამო ოფიციალურ მატჩებში ვერ მონაწილეობენ.

ნიკოლაიშვილს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ამპლუით ცენტრალური მცველია, ცაციაა და ზოგჯერ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. 

ასევე გეტყვით, რომ „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ჰარტმანია. მას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია (5 მატჩი, 2003 წელი). „ჰერტასა“ და როსტოკის „ჰანზას“ რიგებში საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 167 მატჩი ჩაატარა (6 გოლი, 24 საგოლე პასი). სწორედ ჰარტმანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ ნიკოლაიშვილი და ქვარცხავა.

მასალაში გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები