ვის უნდა უფრთხილდეს ბარსა | კვარა ნაპოლის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია
90Min.com-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაწერა და „ბარსელონას“ მეტოქეზე, „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ დაასახელა „პარტენოპეის“ 5 ფეხბურთელი, რომლებსაც „ბლაუგრანასთვის“ ყველაზე დიდი ხიფათის შექმნა შეუძლიათ და ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზე გაიყვანა.
ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსელონა უნდა უფრთხილდეს
„ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს გამორჩეული ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს, რომელთა წყალობითაც, ნებისმიერ დაცვის ხაზში შეუძლია დისბალანსის შეტანა. მისი უნარი, რომ გოლის გატანის შანსები შექმნას და მოედნის ბოლო მესამედში მეტოქეებს სიურპრიზები შესთავაზოს, ბლაუგრანას დაცვისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება“, - წერს 90Min-ი.
გეტყვით იმასაც, რომ სპორტულმა გამოცემამ მეორე ადგილზე ვიქტორ ოსიმენი გაიყვანა. მესამეზე პიოტრ ჟელინსკის ვხედავთ, მეოთხე გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გახლავთ, ხოლო ხუთეულს სტანისლავ ლობოტკა ასრულებს.
ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართება და 21 თებერვალს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს არის ჩანიშნული