ლაციო, მაურიციო სარი, იტალიის სუპერთასი
Aa
Aa

„თუ ეს ფეხბურთის ევოლუციაა, მაშინ მიხარია, რომ ბებერი ვარ“ - სარი სუპერთასზე

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ იტალიურ მედიასთან საუბრისას საუდის არაბეთში სუპერთასის ჩატარების იდეა გააპროტესტა.

რა თქვა სარიმ:

ზოგადად, როდესაც ასეთ კითხვას სვამთ, ეს ჩემს წაქეზებას ემსახურება, რადგან ისედაც იცით, რასაც ვფიქრობ. თუმცა, მაინც გეტყვით: ეს არის ყველაფერი, სპორტის გარდა. იღებენ ფულს და გარბიან, ჩვენ კი უფრო შორს ვიყურებით და წინდახედულები ვართ, თუმცა, მაინც ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან.

კალენდართან დაკავშირებული პრობლემები ყველამ კარგად იცის. თუმცა, მაინც მიდიან და სუპერთასს 4 გუნდამდე აფართოებენ. თუ ეს თანამედროვე ფეხბურთის ევოლუციაა, მაშინ მოხარული ვარ, რომ ბებერი ვარ.

სუპერთასი არის იმისთვის, რათა მწვრთნელმა აჩვენოს, რომ რაღაც ტურნირი მოიგოს და არა იმისთვის, რომ გუნდს რაღაც შეემატოს. მე კი იმის მოგება მინდა, რაც კლუბს სარგებელს მოუტანს. როგორც არ უნდა იყოს, 6 ათასი კილომეტრის გაფრენა მოგვიწევს. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასი 18-22 იანვარს, საუდის არაბეთში გაიმართება. „ლაციოს“ მეტოქე 19 იანვარს „ინტერი“ იქნება, მეორე წყვილში კი ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები