რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

ეს უდიდესი გამარჯვებაა და ჩვენი პროექტის სარკე ქარსელაძეა - რიუ ავეს პრეზიდენტი

პორტუგალიური „რიუ ავეს’’ პრეზიდენტმა ალეშანდრინა კრუზმა „რიუ ავეს’’ აკადემიაზე ისაუბრა. მისი თქმით, აკადემიაში ძლიერი ექიმები მუშაობენ, ასევე განვითარებულია ფსიქოლოგის ჩართულობის კულტურა. აკადემიაში ცდილობენ, რომ ფეხბურთელები სუფთა სპორტული კუთხის გარდა მენტალურადაც განვითარდნენ. კრუზმა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძე ახსენა, რომელიც „რიუ ავეს’’ აკადემიის აღზრდილია და გასულ წელს პირველ გუნდში დააწინაურეს.

„ჩვენი სპორტული პროექტი ფეხბურთელთა კარიერულ განვითარებასთან ერთად მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც მოიცავს. მრავალპროფილური სამედიცინო გუნდი გვყავს. ასევე გვყავს ფსიქოლოგი, რომელიც მზადაა საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთოს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელების სტაბილურობას განაპირობებს, მაგრამ ასევე ეხმარება მშობლებს.

ჩვენი აკადემიის უდიდესი გამარჯვება მუდმივი ვალდებულებაა. ახლახან, ფეხბურთელებმა, როგორებიც კოშტინია, ფაბიო რონალდუ და ქარსელაძე არიან, პირველი გუნდისკენ გზა გაიკვალეს, პირველ გუნდში გადავიდნენ. ეს ჩვენი პროექტის შედეგია და ეს ფეხბურთელები ამ პროექტის სარკეს წარმოადგენენ’’.

აღნიშნული ვიდეო პორტუგალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს. „რიუ ავეს'' 35 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უკრა, რომელსაც პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, ქარსელაძის „წელში გახსნას'' ცდილობს.

შეგახსენებთ, ქარსელაძის დებიუტი „რიო ავეს’’ პირველ გუნდში გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში „პაკუშ ფერეირასთან’’ შედგა. ასევე, მან ბოლო ტურში „ფამალიშაოს“ წინააღმდეგ ითამაშა, ორივე შეხვედრაში მინდორზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, თუმცა პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს. მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე პირველი გუნდისთვის ამზადებს.

გასულ ზაფხულში 18 წლის ფეხბურთელმა „რიუ ავესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. აღნიშნული ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დადასტურდა. ფოტოზე ქარსელაძე და კლუბის პრეზიდენტი ალეშანდრინა კრუზი არიან.

გასულ ზაფხულში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად შეკრება გაიარა, თუმცა შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ვასილ მაისურაძეს აღარ გამოუძახებია.

როცა გიორგი პირველ გუნდში დააწინაურეს, მასზე ვრცელი სტატია დავწერე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ:  ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები