„ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის“ | შონ ომალი ილია თოფურიაზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ესპანელ ჟურნალისტს, კარლოს კონტრერას ლეგასპის ინტერვიუ მისცა. „შუგას“ ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ჰკითხეს და მან „ელ მატადორის“ მომდევნო ბრძოლაზეც ისაუბრა, რომელსაც ის ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართავს.
„თუ ილია ვოლკს დაამარცხებს და მე ჩიტოს მოვუგებ, მომდევნო ბრძოლას ლას-ვეგასში, მის წინააღმდეგ გავმართავ და ალბათ, გაისად გავანადგურებ. რა შანსი აქვს ვოლკანოვსკისთან? არ მგონია, ალექსს მოუგოს. ვოლკანოვსკი Pound for Pound ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და პირველ ადგილს ისლამ მახაჩევთან იყოფს, მაგრამ თუ ვინმეს მისი დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა.
თოფურია ძალიან სახიფათო სტრაიკერია, მენტალურად ძლიერია და კარგი გრეპლინგი აქვს. ვფიქრობ, თუ ვინმეს ვოლკის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა. თოფურია ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის. რატომ მგონია, რომ დავამარცხებ? დაბალია და მისნაირი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლა მომწონს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ელ მატადორმა“ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა და შონ ომალის მიმართა. ილიამ განაცხადა, რომ მისი და „შუგას“ ბრძოლა არასდროს შედგება და ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან იჩხუბებს.