„რუმინეთთან მარცხი გაკვეთილი იქნება“ | წყალბურთის ნაკრების კაპიტანი
საქართველოს წყალბურთის ნაკრების კაპიტანმა, რეზი იმნაიშვილმა რუმინეთთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა. იმნაიშვილმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული მარცხი ქართველი წყალბურთელებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
„გვინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს იმისთვის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ! ამას ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ახლავს. სწორედ ამიტომ იყო გუშინდელი თამაში ჩვენთვის გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება და იმასაც შეგვახსენებს, რომ სპორტში ყველაფერი ხდება.
თამაშში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. ვიცით, ბევრს გავუცრუეთ იმედი, პირველ რიგში, საკუთარ თავს, და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ზუსტად ასეთი მარცხით და მტკივნეული დაცემით ყალიბდებიან დიდი გუნდები და აღწევენ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას ყველას გაგებისა და გვერდში დგომისთვის!"
შეგახსენებთ, რომ საქართველო 11:18 დამარცხდა და მეოთხედფინალის მიღმა დარჩა. ჩვენი წყალბურთელები მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ და მომდევნო შეხვედრა გერმანიასთან ელით.