„მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა ქართველ ფეხბურთელზე
„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლაშლო ბოლონიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგული გუნდის თავკაცმა გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი არის იქ, სადაც თავს კარგად გრძნობს და აფასებენ.
„რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ჩვენთვის პოზიტიური მოვლენაა. გიორგი სახლში დაბრუნდა, მაგრამ არ ვიცით, აქ რამდენ ხანს დარჩება. მიქაუტაძე იმყოფება იქ, სადაც თავს კარგად გრძნობს და აფასებენ. ის არის იქ, სადაც ყოფნა სიამოვნებს. გიორგის აქვს უნარები, რომლებიც მასზე დადებითად მეტყველებენ და იმედი მაქვს, ჩვენთან წარმატებით იასპარეზებს“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გადავიდა და „მეცში“ სეზონის ბოლომდე დარჩება. ბოლონის გუნდს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
ცნობისთვის, მიქაუტაძე „მეცის“ მაისურით პირველ შეხვედრას 14 იანვარს გამართავს. მისი გუნდი 18:00-ზე, „ტულუზას“ დაუპირისპირდება და მნიშვნელოვან დაპირისპირებას საკუთარ კედლებში გამართავს.