„ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“ | მერაბი თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ვატო ღვინჯილიას პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ისტორიულ ფაქტს ვიხილავთ და ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს. ილია ხვდება ვოლკანოვსკის, რომელიც UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ჩემს მეგობრებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც UFC-ში გამოდიან, შემიძლია ვთქვა, რომ ვოლკანოვსკი ჩემი ფავორიტია.
თოფურიასთვის, საქართველოსთვისა და ესპანეთისთვის უმნიშვნელოვანესი ჩხუბია. მისი წარმატებით ძალიან ვამაყობ და უდიდეს მოტივაციას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ილია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს ხვდება, მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ილია თავს კომფორტულად გრძნობს, მშვიდადაა და საკუთარ თავში დარწმუნებულია. მომწონს, რომ თვითდაჯერებულია და ჩემპიონის ხასიათი აქვს. ძალიან მაგარი მებრძოლია და ვარჯიშებისას ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. გაუტეხელია და არასდროს ნებდება.
UFC-ის გულშემატკივრებმა იციან, ეს ბრძოლა საქართველოსთვის, ილიასთვის, წონითი დივიზიონისთვის და ყველასთვის რამდენად მნიშვნელოვანია. თოფურია მაგარი სპორტსმენი და ბრწყინვალე ადამიანია და მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ანაჰაიმში გაიმართება.