ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე

„ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ „სალერნიტანასთან'' მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელებს პირისპირ შეხვდება და აუხსნის, რომ მთავარი „ნაპოლის'' მაისურია.

„კამათი კვარაცხელიას წარმომადგენელსა და ოსიმენს შორის? კვარაცხელიასთან და ოსიმენთან პირისპირ საუბარს ვგეგმავ. როცა კასტელ ვოლტურნოში მოდიან, საქმეზე ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ, „ნაპოლის'' მაისურია მთავარი, სხვა რაღაცები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათ „ნაპოლის’’ მაისურისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. ამას ვეტყვი მათ, როცა პირისპირ შევხვდები. მათი უპირველესი ვალდებულება თავიანთი საქმის კარგად გაკეთებაა, „ნაპოლის'' მაისურისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და თამაშზე უნდა იფიქრონ და როცა მოედანზე გადიან, ყველაფერი უნდა დაივიწყონ. როცა ბაზიდან გადიან, შეუძლიათ აგენტებს დაურეკონ. არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება’’.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა. ჯუღელმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ცოტნე ქინქლაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლა ივარაუდა. 

მამუკა ჯუღელი: „გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯუღელი სამარცხვინო ადამიანად მოიხსენია და მოუწოდა, მასზე აღარასდროს ილაპარაკოს. „ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“ - დაწერა ოსიმენმა.

სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლი'' „სალერნიტანას'' მიიღებს, მატჩი 13 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები