ფეხბურთი მენატრება - გაგნიძემ პარიზში დაისვენა და რუსეთში ჩემპიონობას უმიზნებს
მოსკოვის „დინამომ’’ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო. გუნდს 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე შეუერთდა. ლუკამ რუსულ გამოცემა TASS-თან ისაუბრა.
„თავს კარგად ვგრძნობ, რადგან დარბაზში და მინდორზე ვვარჯიშობ. ასევე, ფუტსალი ვითამაშე. ვფიქრობ, კარგ გარემოში ვემზადებით.
მენატრება თანაგუნდელები, მენატრება ფეხბურთი, მენატრება თანაგუნდელებთან ერთად ფეხბურთის თამაში. იმედი მაქვს, ერთად თამაშს მაქსიმალურად მალე შევძლებთ. რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი გვაქვს’’.
ლუკამ ამავე ინტერვიუში შვებულების პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად საქართველოში, პარიზსა და მილანში გაატარა.
„მილანი მომეწონა, მაგრამ ეიფელის კოშკი ძალიან ლამაზია. ამ ქალაქებში საფეხბურთო მატჩების ყურება შეუძლებელი იყო''.
2021 წლის ზაფხულში ლუკა გაგნიძე თბილისის „დინამოდან'' მოსკოვის „დინამოში'' გადავიდა. იჯარით ჯერ „ურალში'' ითამაშა, 2021-22 წლების სეზონის მეორე ნახევარში - პოლონურ „რაკუვში''. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის გამო UEFA-მ ახალი წესი შემოიღო, რომელიც ლეგიონერებს რუსული კლუბების დატოვების ნებას რთავდა. სამწუხაროდ, 2022 წლის ზაფხულში გაგნიძე რუსულ კლუბში დაბრუნდა და მას შემდეგ მოსკოვის „დინამოში'' თამაშობს. სამწუხაროა, რომ ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი რუსეთის დატოვებაზე არ ფიქრობს. მისი კომენტარიდან კარგად ჩანს, რომ „დინამოსთან'' ერთად ჩემპიონობას გეგმავს და წასვლას არ განიხილავს. გამომდინარე იქიდან, რომ ვილი სანიოლი ლუკას ნაკრებში იძახებს ხოლმე, ლუკას ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი, ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, მის შესახებ ინფორმაციას გაწვდით.