ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვი: ხვიჩას აქვს ის, რაც ბევრ ქართველს არ ჰქონდა და კარიერა გაინადგურეს

დონეცკის „შახტარის'' ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა კლუბის არხთან ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის რამდენიმე კითხვა მის მეგობარს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა. აზაროვის აზრით, კვარაცხელიას წარმატებას ნიჭთან ერთად მისი ხასიათი განაპირობებს. აზაროვი ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცე ხასიათის არქონის გამო ბევრი ქართველი ფეხბურთელის კარიერა განადგურდა.

- შენ თქვი რომ ხვიჩას დიდი ხნის მეგობარი ხარ. რას გვეტყვი მის შესახებ? აღწერე თქვენი მეგობრობა რამდენიმე სიტყვით.

- დიახ, მას დიდი ხანია ვიცნობ, 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ. ჩემთვის შოკი იყო, როცა „ნაპოლიში’’ გადავიდა და მალევე შესაძლებლობების უმაღლეს დონეზე წარმოჩენა დაიყო. მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მისი პირველი ქომაგი ვიყავი.

- ხვიჩა რატომ არის ასეთი წარმატებული? ეს ნიჭის შედეგია თუ გამართლების?

-  მას აქვს ტალანტი და შეუპოვარი ხასიათი. სწორედ ამიტომ წინ არის. ბევრ ქართველ ფეხბურთელს ხასიათი არ ჰქონდა და კარიერა გაინადგურეს. ხვიჩას შინაგანი სიმტკიცე უმაღლეს დონეზე აქვს.

- შენ იგივე დამოკიდებულება გაქვს ფეხბურთისა და სპორტის მიმართ?

- ვფიქრობ, რომ ასეა. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა შენს მეგობარს ამ დონეზე ხედავ, ეს მისი პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. როცა ხედავ და იცი, რასაც აკეთებს, ცდილობ მის მაგალითს გაჰყვე და იგივე გააკეთო.

შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი და ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილნი არიან, თუმცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მათი ტალანტი ვერ გამოიყენა, პირველ გუნდში მცირე დრო გაატარეს.

აღნიშნულ ინტერვიუში ირაკლი აზაროვმა სხვა თემებზეც ისაუბრა. მისი საფეხბურთო კერპი ბრაზილიელი მარსელოა.

„ტექნიკა და დრიბლინგი ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებებია. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით პროგრესი მჭირდება, რადგან პატარა და თხელი ვარ. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობ. ალბათ, ყველაზე მეტად სტილით ხორდი ალბას ვგავარ, მაგრამ ჩემი საფეხბურთო კერპი მარსელო იყო. მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ჩემთვის, მარცხენა მცველის პოზიციაზე ყოველთვის საუკეთესო იყო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები