ივა გელაშვილი
Aa
Aa

სპეცია, ნაკრებში გამოძახება და კვარა | ინტერვიუ ივა გელაშვილთან

იტალიის სერია B-ში მყოფი „სპეციას“ ქართველმა ფეხბურთელმა, ივა გელაშვილმა Quotidiano Sportivo-ს ინტერვიუ მისცა. „ბიანკის“ უკანახაზელმა ეროვნულ ნაკრებზე, „სპეციას“ მომავალსა და იტალიურ კლუბში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

Quotidiano Sportivo: „მომდევნო მატჩები, რომლებიც სპეციას კომოსთან, კრემონეზესთან და პიზასთან ელის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამაზე რას ფიქრობ? (სპეცია ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის)“

„ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ვიცით, რის გაკეთებაა საჭირო, რათა გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ. ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ, ჩვენი ღირებულებები წარმოვაჩინოთ და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ“.

Quotidiano Sportivo: „ენის ბარიერი პრობლემაა? გესმის იტალიური?“

„თითქმის ყველაფერი მესმის, რასაც მეუბნებიან. მაქსიმალურად ვცდილობ, თანაგუნდელებს იტალიურად ვესაუბრო, რადგან მოედანზე ყოფნისას კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. საბაზისო სიტყვები სწორედ ამიტომ ვისწავლე. მოედნის მიღმა საქმე ოდნავ რთულადაა, მაგრამ ვცდილობ, იტალიური და ინგლისური სიტყვების შერევით ვილაპარაკო. იტალიურის მასწავლებელი მყავს, რომელთანაც ბევრს ვმუშაობ“.

Quotidiano Sportivo: „ეროვნულ ნაკრებში გამოძახება?“

„ეს ახდენილი ოცნება იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები პროგრესის გზაზეა და მის ნაწილად ყოფნა დიდი პრივილეგიაა“.

Quotidiano Sportivo: „5 მატჩში 221 წუთი ითამაშე. იტალიაში გადასვლის შემდეგ, უფრო მეტს ელოდებოდი?“

„ვფიქრობ, აქ გადმოსვლის შემდეგ, დიდ პროგრესს მივაღწიე, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ჩემი მიზანია, ყოველდღიურად, წინ წავიდე. მინდა, სპეციას მადლობა გადავუხადო ნდობის გამო, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინა და ყოველთვის ვცდილობ, საზღვრები გადავლახო“.

Quotidiano Sportivo: „ვიცით, რომ კვარაცხელიას მეგობარი ხარ. რა რჩევა მოგცა?“

„ხვიჩამ წარმატება მისურვა და მითხრა, რომ სერია A-შ მელოდება“.

Quotidiano Sportivo: „რას ეტყოდი სპეციას ქომაგებს და რა შთაბეჭდილება დაგრჩა ქალაქზე?“

„ქალაქი და აქაური ხალხი ძალიან მომწონს. ლა სპეციაში ყოფნით სიამოვნებას ვიღებ. მინდა, გულშემატკივრებს პირველი თვეების გამო ბოდიში მოვუხადო. ვიცი, მათ გუნდი როგორ უყვართ და როგორ განიცდიან, როცა სასურველ შედეგს ვერ ვაფიქსირებთ. სამწუხაროდ, პირველ წრეში მათი მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ მჯერა, სეზონის მეორე ნახევარს უკეთ ჩავატარებთ. მინდა, მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ურთულეს მომენტებშიც ჩვენს გვერდით დგანან“.

ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ, „სპეციას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. მე-15 ადგილზე მყოფი „სუდტიროლი“ „ბიანკის“ 5 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან