ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან

გერმანულმა გამოცემამ, BNN-მა „კარლსრუეს“ ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. 29 წლის თავდამსხმელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და BNN-ის მკითხველს ახლახან მომხდარი ისტორიაც გაუზიარა.

BNN: „გერმანული ფეხბურთი ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალებას გლოვობს. შენ, როგორც ქართველმა, „კაიზერზე“ რა იცი?

„ბეკენბაუერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. დაე, მშვიდად განისვენოს. მასზე ფიქრისას, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მახსენდება, როცა ხელის ტრავმის მიუხედავად, მაინც ითამაშა. ეს მომენტი კარგად ასახავს, როგორი ხასიათი ჰქონდა და გერმანიის ნაკრებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო“.

BNN: „საწვრთნელ ბაზაზე შენი ერთ-ერთი ოთხშაბათი უცნაურად დაიწყო. რა მოხდა, როცა დოპინგ-ინსპექტორები გამოგეცხადნენ?

„ძალიან უცნაური იყო. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ტესტების ჩასატარებლად საწვრთნელ ბაზებზეც დადიოდნენ. ახლა ვიცი, რომ დოპინგ-ტესტზე მხოლოდ მატჩების შემდეგ არ გამოწმებენ. დილის შვიდი საათი იყო, ვიწექი და მეძინა. მობილური ტელეფონი ჩუმ რეჟიმზე მქონდა დაყენებული, რის გამოც, ჩემი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვერ დამიკავშირდა, მაგრამ ჩემმა ოთახის მეზობელმა, ლეონ იენსენმა მითხრა, რაც ხდებოდა. არ ვიჯერებდი, რომ მართლა ტესტის ჩატარება უნდოდათ, სანამ მწვრთნელს არ დაველაპარაკე“.

BNN: „ერთი წელია კარლსრუეში თამაშობ. რა შთაბეჭდილებები დაგრჩა და როგორ შეაფასებ გერმანიაში გატარებულ დროს?

„გერმანიაში გადმოსვლამდე, კარლსრუესა და აქაურ ფეხბურთზე ალექსანდრე იაშვილისგან ბევრი რამ ვიცოდი. ვიცოდი, რომ გერმანიის მესამე და მეოთხე დივიზიონებშიც მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ. აქ უნგრეთიდან გადმოვედი, რადგან ბუნდესლიგამდე ერთი ნაბიჯია და მინდოდა, ჩემი უნარები და პოტენციალი მეჩვენებინა“.

BNN: „მაგრამ, ამის გასაკეთებლად დიდი ხანი დაგჭირდა, რატომ?“

„თავდაპირველად, ფორმაში არ ვიყავი, მხრის ტრავმის შემდეგ კი, მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებდი. ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა. ფეხზე წამოვდექი და ბოლო 4-5 თვეა, ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ვფიქრობ, ამას თქვენც ხედავთ, თუმცა, გერმანიაში არის წესები, რომელთა გამოც, მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეგვექმნა. რას ვგულისხმობ? ჩემი ოჯახის წევრების ვიზას ვადა გაუვიდა და მისი განახლებაა საჭირო, რის გამოც, ამ წუთისთვის, ჩემი მეუღლე და 3 წლის ქალიშვილი საქართველოში იმყოფებიან. იმედი მაქვს, ყველაფერი 2-3 კვირაში გაირკვევა და გერმანიაში მალე ჩამოვლენ. ჩემი შვილი გერმანულ ბაღში დადის და ცხოვრებაში ძალიან გამოადგება თუ გერმანული და ინგლისური ენები ეცოდინება. კარგად მახსოვს, როცა კარსლრუეში გადმოვედი, ერთი სიტყვაც არ მესმოდა“.

BNN: „შენი სიტუაციით უკმაყოფილო იყავი, რადგან მცირე სათამაშო დრო გეძლეოდა და ადგილსამყოფლის გამოცვლაზე ფიქრობდი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა?“

„მინდა, კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ბოლომდე მივიყვანო და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოლო. ჰანოვერთან და ელვესბერგთან სასტარტოში ვიყავი, მაგრამ გარანტირებული არაა, რომ მომავალშიც ასე იქნება. ყურადღებას არ მოვადუნებ. გუნდში 3 თავდამსხმელი გვყავს, რომლებიც 2 ადგილისთვის იბრძვიან. მათ გარდა ჩვენთან ლარს შტინდლიც თამაშობს და კონკურენცია ძალიან მაღალია, რაც როგორც ჩვენთვის, ისე გუნდისთვის კარგი რამაა“.

BNN: „კარსლრუეს ქომაგებმა შეგიყვარეს. რა შეგრძნება ეუფლება შენს შვილს, როცა ბურთს ეხები და მთელი სტადიონი შენს სახელს სკანდირებს?“

„კარსლრუეს თამაშს ტრიბუნებიდან რამდენჯერმე უყურა და სანამ გასახურებლად გავიდოდი, ჩავეხუტე. მოსწონს, როცა ხელით კოცნას მიგზავნის და ეს მოტივაციას მმატებს. გულშემატკივრებს რაც შეეხებათ, მათ ძალიან გამაკვირვეს. დიდი ხანია აქ ვარ, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო არ მქონია და მაინც შემიყვარეს, რის გამოც, მათი მადლიერი ვარ. პარალელურად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვალდებულს მხდის, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ბევრი მომენტი რომ გავაფუჭო ან ცუდად ვითამაშო, ჩემი სახელის სკანდირებას შეწყვეტენ. ეს წნეხია, მაგრამ წნეხი ძალიან მომწონს“.

BNN: „ფეხბურთელს, დირკ კარლსონს იცნობ?“

„არა, ვინაა?“

BNN: „კარსლრუეში თამაშობდა და მარტში მის წინააღმდეგ იასპარეზებ შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება“.

„გასაგებია... მარტის თამაშებისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. ამაზე ნაკლები ჩვენთვის წარუმატებლობა იქნება“.

ცნობისთვის, 17 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. ბუდუს გუნდს მე-3 ადგილამდე 10 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo: სიტის კარგი შანსი აქვს კვარა შეიძინოს
FourFourTwo: სიტის კარგი შანსი აქვს კვარა შეიძინოს