არველაძე: “გამარჯვება და 3 ქულა მახარებს“
თურქეთის სუპერ ლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის „კარაგუმრუკმა“ „კაისერისპორს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
არველაძე:
„ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ ყოველთვის მნიშვნელოვანია დამატებითი დასვენება. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და ეს შედეგზეც აისახა. სამი გოლი გავიტანეთ. ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით და მეტოქეს იმედი მივეცით.
ჩვენი მოწინააღმდეგე ბურთის ფლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მეორე ნახევარში გარკვეული დროით მათ ბურთი დავუთმეთ, მაგრამ ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ და მატჩზე კონტროლი არ დავკარგეთ. ბოლო შეხვედრებში გოლს ვერ ვიტანდით და დღეს 4 გავიტანეთ. ყველაზე მეტად გამარჯვება და 3 ქულა მახარებს.“
ცნობისთვის, 20-გუნდიან ჩემპიონატში არველაძის გუნდს 19 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „კარაგუმრუკი“ (13 იანვარს) სტუმრად „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება.