„მისი დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა“ | მეცში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
„მეცის“ საფეხბურთო დირექტორმა, პიერ დრეოსიმ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე ისაუბრა. დრეოსი „აიაქსთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით მოხარულია და განაცხადა, რომ ქართველი თავდამსხმელის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს.
„გიორგი იჯარის წესით გადმოვიყვანეთ და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის საკითხი კლუბის საჭიროებებსა და მიქაუტაძის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა მოხდება. ძალიან ბედნიერი ვართ და ამ ტრანსფერის დახურვა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ყველა კლუბს სურს, კითხვის ნიშნები თავიდან აირიდოს და გიორგისთან მიმართებით, კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან მას, როგორც ფეხბურთელს, ძალიან კარგად ვიცნობთ.
მიქაუტაძესთან და მის აგენტებთან შეთანხმება რთული არ ყოფილა, აიაქსთან საერთო ენის გამონახვა კი მარტივი ნამდვილად არ იყო. ფინანსური დეტალები განვიხილეთ და ამსტერდამელებისთვის იოლი არ იყო, მიქაუტაძის გამოსასყიდად ასეთი მცირე თანხის ჩაწერა (მეცს მისი გამოსყიდვა 10 მილიონად შეუძლია), მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღით დაგვაგვიანდა, რადგან მინდოდა, მიქაუტაძეს საფრანგეთის თასზე, კლერმონთან ეთამაშა. ეს საშუალებას მისცემდა, ტულუზასთან მატჩს უკეთეს კონდიციებში შეხვედროდა. მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რათა გიორგიმ რიტმი რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს“.
ცნობისთვის, ქართველი თავდამსხმელი „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას 14 იანვარს ჩაატარებს. თბილისის დროით, 18:00-ზე, „მეცი“ საკუთარ კედლებში „ტულუზას“ დაუპირისპირდება. ვიმედოვნებთ, გიორგის დაბრუნება წარმატებული იქნება.