მიქაუტაძე: კარიერაში რთული მომენტი მაქვს, მაგრამ მენტალურად ძლიერი ვარ
„აიაქსიდან'' „მეცში'' 6-თვიანი იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე MOSELLE TV - SPORT-ს ესაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელის კარიერას სირთულეები და ჩავარნები ახლავს, თუმცა მენტალურად ძლიერია და სირთულეების გადალახვა შეუძლია.
„ახლა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი მაქვს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ეს ვითარება უფრო მეტად მაძლიერებს, რომ სამომავლოდ თავი კარგად წარმოვაჩინო.
„აიაქსში’’ გატარებული პერიოდი რთული იყო, მაგრამ ყველაფერი ნეგატიური არ ყოფილა. პოზიტიური მომენტებიც მახსოვს, მაგალითად ის, რომ ევროპა ლიგაზე ვითამაშე, ეს სხვა დონეა, მაგრამ ცხადია უპირატესი თამაში და გუნდში თავის დამკვიდრებაა.
ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, მუდმივად წარმატებული ვერ იქნები, ფეხბურთს ჩავარდნაც ახლავს. სირთულეები თანმდევია, მაგრამ აქ ვარ, მენტალურად ძლიერი ვარ, რომ წინ წავიდე’’.
გასულ კვირაში „მეცის'' მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ქართველზე ისაუბრა: „გიორგი დაბრუნდა თუმცა თითქოს „მეციდან'' არასდროს წასულა. ბედნიერები ვართ, მოუთმენლად ველით, რომ მოგვიტანს ყველაფერ იმას, რაც გუნდისთვის გასულ სეზონში მოჰქონდა. ისეთივე პროდუქტიული იქნება, როგორც გასულ სეზონში იყო’’.
ცნობისთვის, ქართველი თავდამსხმელი „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას 14 იანვარს ჩაატარებს. თბილისის დროით, 18:00-ზე, „მეცი“ საკუთარ კედლებში „ტულუზას“ დაუპირისპირდება. ვიმედოვნებთ, გიორგის დაბრუნება წარმატებული იქნება.