დუბლი სტენლი მენზოს კარში - არველაძის გამორჩეული მატჩი ბელგიაში
1996-97 წლების სეზონი რევაზ არველაძემ ბელგიურ „მეხელენში’’ გაატარა.ბელგიის ჩემპიონატის 25 მატჩში 4 გოლი შეაგდო, მისი ბელგიური კარიერიდან ყველაზე გამორჩეული მატჩი მე-5 ტურში ერიკ გერეტსის გაწვრთნილ „ლიერსთან’’ იყო, როცა დუბლი შეასრულა. „ლიერსის’’ კარში ცნობილი ნიდერლანდელი მეკარე სტენლი მენზო იდგა.
„მეხელენი’’ – „ლიერსის’’ მატჩის 41-ე წუთზე არველაძემ ანგარიში გაათანაბრა, 48-ე წუთზე „მეხელენი’’ წინ გაიყვანა. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრაში ქართველ შემტევს გოლის გატანის სამი რეალური შანსი ჰქონდა, 3-დან 2 გამოიყენა.
რევაზ არველაძე VS სტენლი მენზო
80-იან და 90-იან წლებში სტენლი მენზო ცნობილი მეკარე იყო, იოჰან კრუიფის „აიაქსში’’ 117 მატჩი ჩაატარა. ამსტერდამულ კლუბთან ერთად თასების მფლობელთა თასი, უეფას თასი, ჰოლანდიის ჩემპიონატი (3-ჯერ) და ჰოლანდიის თასი (ოთხჯერ) მოიგო. 2010-13 წლებში სტენლი მენზო არნემის „ვიტესის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, როცა კლუბს მერაბ ჟორდანია მართავდა. ამ წლებში მენზო გურამ კაშიასთან, გიორგი ჭანტურიასთან და ვაკო ყაზაიშვილთან მუშაობდა.
გიორგი ჭანტურია და სტენლი მენზო
1996-97 წლების სეზონს რომ დავუბრუნდეთ, ერიკ გერეტსს კარგი გუნდი ჰყავდა, „ლიერსი’’ ბელგიის ჩემპიონი გახდა, ხოლო „მეხელენი'' უმაღლესი ლიგიდან გავარდა და შემდეგ არველაძემ კარიერა გერმანულ „ჰომბურგში'' გააგრძელა.
ასევე გეტყვით, რომ ამ სეზონში „მეხელენში'' რევაზ არველაძის თანაგუნდელი რალფ ჰაზენჰიუტლი იყო, რომელიც 2018-22 წლებში პრემიერ ლიგის „საუთჰემპტონს'' წვრთნიდა.