ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო
Aa
Aa

„მიზანი თავიდანვე საქართველოს ნაკრები იყო“ - წიტაიშვილის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან

ცნობილი უკრაინული გამოცემა, Sport.nv.ua საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევს, გიორგი წიტაიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შესახებ საუბრობს. 23 წლის ფეხბურთელი განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ მიიღო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება.

გიორგი წიტაიშვილის ინტერვიუ Sport.nv.ua-სთან:

- თქვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მეთანხმებით?

- დიახ, იმ მომენტში, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ეს იყო. მაგრამ ასევე ისტორიული იყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ და პლეი-ოფში გავედით. ვფიქრობ, ასეთი ჯგუფიდან გასვლის შანსი 1%-ზე ნაკლები იყო. თუ კარგად შეადარებთ ფავორიტებს, მარტივად მიხვდებით. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. იმედი მაქვს, რომ საამაყო მომენტები კიდევ ბევრი იქნება.

- თვლით თუ არა იმ მომენტის შემდეგ თავს წარმატებულ ფეხბურთელად?

- არა. სადღაც, სიღრმეში შეიძლება თვლიდე თავს წარმატებულად, რადგან გქონდეს განცდა, რომ მიაღწიეთ იმას, რისი გაკეთებაც მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. მაგრამ წარმატება ჯერ კიდევ შორსაა. 20-წლამდე ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კარიერის დასასრული არ არის. ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდულ დონეზე წარმატებული ფეხბურთელი ვიყავი. მაგრამ ზრდასრულთა დონეზე - არა.

- ხშირად გვინახავს, რომ ახალგაზრდულ დონეზე ასეთი ტრიუმფების შემდეგ პერსპექტიული ფეხბურთელები იკარგებოდნენ.

- დიახ, სწორედ ამას ვამბობ. ზრდასრულთა ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. შეიძლება ახალგაზრდებში გამორჩეული იყო, მაგრამ შემდეგ ვერ გაიხსნა. ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი დრო, როდესაც იხსნება. ეს ზოგისთვის შეიძლება 18 წელი იყოს, ზოგისთვის 23, ან 28. თქვენ შეგიძლიათ მრავალი მაგალითი მოიყვანოთ, თუ რომელმა გააკეთა ეს გვიან. შეიძლება „ლესტერიც“ გაიხსენოთ, იქ ნახევარი გუნდი ასე იყო. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დაველოდოთ მომენტს, რომელიც იქნება იქ, სადაც უნდა იყოს.

- ახლა საქართველოს ნაკრების მოთამაშე ხართ, მაგრამ შეგეძლოთ უკრაინაში გეთამაშათ. რას იტყვით სერგეი რებროვის ამჟამინდელ გუნდზე?

- სერგეი რებროვს და მის ყველა თანაშემწეს კარგად ვიცნობ. როდესაც აკადემიაში ვიყავი, ისინი იქ მუშაობდნენ. ვფიქრობ, ის შემადგენლობა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრებს ჰყავს, 2%-თაც კი არ აჩვენებს თავის შესაძლებლობას. ეს ჩემი აზრია, რადგან სამწვრთნელო შტაბს ვიცნობ და ვიცი, რომ უკრაინის ნაკრებისთვის ბევრის მიცემა შეუძლიათ. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, რათა თავიანთი ტაქტიკა დაამკვიდრონ და თამაში განავითარონ. უკრაინის ნაკრების მატჩებს თვალს ვადევნებ, ძალიან კარგი გუნდია და მოთამაშეთა უმრავლესობა ტოპ-ჩემპიონატში თამაშობს. ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდი, რომელიც რებროვის გუნდს დაუპირისპირდება, არასდროს მოდუნდება, იმიტომ რომ უკრაინის ნაკრებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

- ხედავთ, თუ არა საკუთარ თავს ამ გუნდის სათამაშო მოდელში? შეძლებდი თამაშს?

- სერგეი რებროვის ტაქტიკაზე მორგება შემეძლო. მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ. ჩემი კარიერა ჯერ არ დაწყებულა, ან სტაბილურია, ან კლებაა. ობიექტურად რომ შევაფასო, ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინის ნაკრებში მოხვედრის შანსს ვერ მივიღებდი. როცა პოლონეთში, „ლეხში“ ვიყავი, რაღაც ეტაპზე შემეძლო ამის მიღება. როცა ჯერ კიდევ უკრაინაში ვთამაშობდი, იმ დროისთვის ჩემს პოზიციაზე ბევრი ძლიერი ფეხბურთელი იყო, რომელიც ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ. მაგრამ მიზანი საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინის ნაკრებში კონკურენცია მექნებოდა, თუ არა. მე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდა.

- ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღე?

- დიახ. ეს მიზანი თავიდანვე მქონდა თავში და ამის შესახებ ახლობლებმაც იცოდნენ. იმ მომენტში უკრაინაში ვიყავი და უკრაინის პასპორტი მქონდა. რატომ მქონდა უკრაინის პასპორტი? მანამდე საქართველოსიც მქონდა, მაგრამ მასზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ კიევის „დინამოში“ დარჩენის გამო უკრაინული პასპორტი მჭირდებოდა. კიევის „დინამოს“ პირველ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი და პასპორტი ამის გამო ავიღე, მაგრამ უკრაინის ნაკრებში მოხვედრის ოცნება არ მქონია. მოგვიანებით, როცა წლები გავიდა, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს, რადგან გამორჩეული ვიყავი. ამ გუნდებში უნდა მეთამაშა და არ ვამბობ, რომ ეს არ მინდოდა. ვცდილობდი, გუნდს დავხმარებოდი, რადგან ნაწილობრივ, თავს უკრაინელად ვთვლიდი. მაგრამ ახლა ქართული პასპორტი მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში ყველაზე დიდი ოცნება იყო. თუ ვინმე იტყვის, რომ უკრაინის ნაკრებში არ გამომიძახეს და პასპორტი ამის გამო შევიცვალე, ეს ასე არ არის.

 

ცნობისთვის, გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა და მამის საფეხბურთო კარიერის გამო რამდენიმე ქვეყანაში მოუწია გადასვლა. 23 წლის ფეხბურთელი უკრაინაში საცხოვრებლად 2012 წელს გადავიდა და კიევის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო თამაში. წიტაიშვილი 2022 წლამდე უკრაინაში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 20-წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გასული წლის დასაწყისში ქართველი შემტევი იჯარის წესით პოზნანის „ლეხში“ გადავიდა, გასული სეზონი კი ასევე იჯარის წესით „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“, ბათუმის „დინამოში“ გაატარა. გიორგი წიტაიშვილი ამ დრომდე კიევის „დინამოს“ საკუთრებაა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, 23 წლის შემტევს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და ამ დრომდე, „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში 14 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 იანვრის სატრანსფერო ზონა
7 იანვრის სატრანსფერო ზონა