ბელგიური „ეუპენის'' 21-წლამდე გუნდში 18 წლის ტყუპები, ლუკა და გიორგი ლობჟანიძეები თამაშობენ. ამპლუით ცენტრალური მცველები ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ფართო მასებისთვის ცნობილნი არ არიან, ამ სტატიით მკითხველი უცნობ ტყუპებს კარგად გაიცნობს.
6-დან 11-წლამდე „საბურთალოს'' აკადემიაში ვარჯიშობდნენ, 11 წლიდან ბელგიური კლუბების აკადემიებში იზრდებიან, ჯერ იყო „სერენი'', 15 წლიდან დღემდე - „ეუპენი''. გასულ ზაფხულში „ეუპენის'' 18-წლამდე გუნდიდან 21-წლამდე გუნდში დააწინაურეს, პერიოდულად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ერთი მხრივ წლებია ბელგიური კლუბის აკადემიაში იზრდებიან, პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვთ, მეორე მხრივ საქართველოს არ ივიწყებენ, ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრობენ და საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებენ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე მათზე სტატიის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ჯამალ კაიშვილთან დაკავშირებით იყო, ეს სტატია პირველია, რომელიც ტყუპებს კარგად გაგაცნობთ.
გამომდინარე იქიდან, რომ „ეუპენის'' აკადემია ძლიერია, ბევრი მოთამაშე ბელგიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშია, ამავდროულად კი გიორგი და ლუკა კვლავ საქართველოს მოქალაქეეები არიან, ნაკრებში თამაშის დიდ სურვილს გამოხატავენ, ტყუპების მკითხველისთვის გაცნობა საჭიროდ ჩავთვალე, უნდა მოვიცვა ყველა ევროპული კლუბის აკადემიის ქართველი მოთამაშე, რომ არავინ დავკარგოთ, უყურადღებოდ არ დავტოვოთ. სამომავლოდ ასაკობრივ/ეროვნულ ნაკრებში კონკურენციის ზრდაში წვლილი შესაძლოა იმ მოთამაშეებმაც შეიტანონ, დღეს რომ არავინ იცნობს. ამ სახის სტატიების მთავარი მიზანი ემიგრაციაში მყოფი ფეხბურთელების აღმოჩენა/გაცნობაა, რომლებიც სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტენ. მაგალითად, გიორგი მიქაუტაძეს თითქმის არავინ იცნობდა ვიდრე „მეცთან'' პროფესიული კონტაქტი არ გააფორმა.
მეორე მხრივ, მკითხველისთვის თითოეული მოთამაშის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება, მაქსიმალურად ზუსტი სურათის შექმნა მნიშვნელოვანია, რომ იმედი კონკურეტული ფეხბურთელის მიმართ ადეკვატური გაჩნდეს. ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთში კონკურენციისა და მოთხოვნების ზრდამ წარმატების მიღწევა/შენარჩუნება ძალიან გაართულა, წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი საფეხბურთო/პიროვნული თვისების ერთობლიობაა საჭირო. მხოლოდ ნიჭი წარმატებას ვერ მოიტანს, თუ მოთამაშე ტრავმებისკენ მიდრეკილია, მოთმინების უნარი არ აქვს, პრობლემას საკუთარი თავის ნაცვლად მხოლოდ სხვაში ხედავს ან რთულ მომენტებში ფსიქოლოგიურ მდგრადობას ვერ ავლენს. ამიტომ, ტყუპებზე ინფორმაციას მაქსიმალურად ბევრი კუთხით გთავაზობთ, რომ მათი შესაძლებლობები კარგად გაიცნოთ.
ვიდრე მათ ბელგიურ კარიერაზე დავწერ, ტყუპების „საბურთალოში'' გატარებულ პერიოდზე გეტყვით, სადაც 6-დან 11-წლამდე თამაშობდნენ და თავიანთ ასაკში ბენდელას თასი ორჯერ მოიგეს (2015, 2016), ორივე ფინალში თბილისის „დინამოს'' აკადემია დაამარცხეს. 2015 წელს მაყურებელთა სიმპათიად გიორგი ლობჟანიძე დასახელდა და ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის პრიზი გადაეცა. რაც შეეხება 2016 წლის ფინალს, „საბურთალომ'' 2:0 მოიგო, პირველი გოლი „ბენდელაზე'' გიორგი ლობჟანიძემ გაიტანა. ეს მატჩი ტყუპებისთვის „საბურთალოში'' უკანასკნელი იყო, ამ თამაშის შემდეგ ბელგიაში გაემგზავრნენ, სადაც მათი ოჯახი უკვე 1 წლის წასული იყო. მოცემულ ვიდეოში გიორგის მიერ ბენდელას თასის ფინალში გატანილი გოლია.
ქალაქ ლიეჟში, სადაც ახლა ტყუპები ცხოვრობენ, 90-იანების მიწურულს ლაშა ჯაკობია თამაშობდა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა „სტანდარდში'' მოლოდინი ვერ გაამართლა, იქ არაფერი გამოუვიდა, რადგან მხოლოდ ნიჭი წარმატების წინაპირობა არც მაშინ ყოფილა. ტყუპების გზა განსხვავებულია, გარდატეხის ასაკი ბელგიაში გაიარეს, პიროვნებებად ბელგიაში ყალიბდებიან, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში. გარდა ამისა, მათი მწვრთნელი ნიკოლას კოლუბრი აღნიშნავს, რომ ბიჭები განვითარებისკენ სწრაფვის სურვილს ყოველთვის ავლენდნენ და მათი საქმისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა, ამ მხრივ პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. როგორც ახლახან ირაკლი აზაროვმა ინტერვიუში აღნიშნა, ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა შეუპოვარი ხასიათის არქონის გამო დაინგრია. ამიტომ, ინფორმაცია ტყუპების პიროვნული თვისებების შესახებ მნიშვნელოვანია.
11 წლის ასაკში, „საბურთალოდან'' წასვლის შემდეგ პირველად იყო „სერენი’’ - საფეხბურთო აკადემია ტყუპების სახლთან ახლოს, სინჯებზე მივიდნენ, მოეწონათ, აიყვანეს.
„თავიდან ბელგიაში გაგვიჭირდა, სკოლაში ენის არცოდნის გამო 1 კლასით უკან დაგვწიეს. ძნელია როცა ენა არ იცი.... მაგრამ როცა მოედანზე გადიხარ, თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში. მოედანზე პრობლემა აღარაა’’ - იხსენებს ლუკა CrystalSport-თან ინტერვიუში უცხო ქვეყანაში ცხოვრების საწყის პერიოდს.
„სერენში'' გატარებული 3 წლის შემდეგ ლუკა და გიორგი „ეუპენმა’’ დაინახა და სინჯებზე მიიწვია. სატესტო მატჩში მათი თამაში დადებითად შეფასდა, თამაშის შემდეგ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, „ეუპენის’’ აკადემიაში ოფიციალურად ჩაირიცხნენ.
ლუკა: „აქ ძირითადად ყურადღებას ბავშვების ხასიათს აქცევენ, გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებას. ბავშვობიდან მოყოლებული მწვრთნელთაგან ისმის კითხვები და ახლა რეზერვშიც ასეა: როგორ განვითარდი ფიზიკურად? რამდენად შეგიძლია პირველ გუნდთან ვარჯიში? ფიზიკური და ტექნიკური კუთხით სხვა რიტმში გადასვლა, პირველი გუნდის ფეხბურთელებთან კონკურენციაში შესვლა?
რამდენჯერმე „ეუპენის’’ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშეთ, როცა მოთამაშეები აკლდათ. ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ. პირველ გუნდში კარგი კონკურენტები გვყავს.
როგორი იქნება მომავალი? ჯერ სკოლის დამთავრებას ვაპირებთ, მე-12 კლასში ვართ, შემდეგ კი ბევრი რამ ფეხბურთზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ჩვენი კარიერა. ამის მიხედვით განვსაზღვრავთ მომავალს. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ, მხოლოდ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულნი’’.
გიორგი: „თავი უნდა გამოვიჩინოთ, რომ პირველ გუნდში დაგვაწინაურონ. ზოგჯერ, პირველი გუნდის ფეხბურთელებს შუა კვირაში ვემატებით, მათთან ერთად ვვარჯიშობთ. მწვრთნელები პირველ გუნდს გვაჩვევენ’’.
ტყუპები ლიეჟში, ბელგიის ფრანგულ მხარეში ცხოვრობენ, ფრანგულად თავისუფლად საუბრობენ, „ეუპენში’’ ძირითადად ფრანგულად მოლაპარაკე ფეხბურთელები არიან. კლუბი კატარული კომპანიის (Aspire Zone) მფლობელობაშია.
„ეუპენის’’ 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი და პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ნიკოლას კოლუბრი CrystalSport-ს ტყუპების შესახებ ესაუბრა. მნიშვნელოვანია მათი საფეხბურთო უნარებისა და პიროვნული თვისებების შესახებ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივიღოთ. ამიტომ, ტყუპების გულწრფელ საუბართან ერთად კოლუბრის მოსაზრებებსაც გთავაზობთ. გამომდინარე იქიდან, რომ კოლუბრი 2018 წლიდან აკადემიაში მუშაობს, მათ განვითარების პროცესს კარგად იცნობს.
მენტალიტეტი
ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაზეც თანამედროვე ფეხბურთელის განვითარება დგას, მენტალიტეტია. ბელგიელ სპეციალისტთან საუბარი ამ თემაზე დავიწყეთ: როგორია ტყუპების მენტალური განვითარების პროცესი, როგორ უდგებიან საქმეს დროის ცვლილებასთან და ასაკის მატებასთან ერთად?
კოლუბრი: „ორივე ძალიან ფოკუსირებულია, საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილება, რომ თავიანთ მომავალთან მიმართებით ძალიან მონდომებულნი და მტკიცენი არიან. ბიჭები 15 წლის იყვნენ, როცა გავიცანი. მათზე ეს შთაბეჭდილება არ შემცვლია.
მწვრთნელის მითითებებისა და შენიშვნებისადმი საკმაოდ მიმღებნი არიან, მაგრამ ზოგჯერ მორცხვობენ სხვადასხვა რაღაცების განხილვისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ყოველთვის აჩვენებენ, რომ განვითარებას ცდილობენ.
ამ მომენტისთვის ორივეს ცოტა უჭირს, რადგან მათ პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები არიან. მენტალურად ორივე ძალიან მომწიფებული და პროფესიონალია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ტაქტიკურად და ტექნიკურად უნდა განვითარდნენ.
გუნდში პატივსაცემი ბიჭები არიან, რადგან ძალიან სანდოები და ნამდვილად გუნდური მოთამაშეები არიან''.
ურთიერთგაგება, მინუსები/პლუსები მოედანზე
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ტყუპები როგორ მოქმედებენ თამაშისას, როგორია მათი ურთიერთგაგება, რა თვისებებს ავლენენ, რამდენად თავდაჯერებულნი არიან და ასე შემდეგ.
ნიკოლას კოლუბრი: „გიორგის მისი ფიზიკური თვისებების (სისწრაფის) და შეტევის დამწყები ტექნიკის გაუმჯობესება სჭირდება. ასეთ ვითარებებში უფრო მეტად თავდაჯერებული უნდა იყოს. ლუკა ძალიან თავდაჯერებულია და ზოგჯერ ძალიან მოდუნებულია. ასევე, მან სისწრაფე უნდა გააუმჯობესოს.
შეგიძლია, ტყუპები მოედანზე სიარულით იცნო. ლუკას სიარული უფრო თავდაჯერებულია''.
ზოგადად ფეხბურთში იშვიათადაა მსგავსი ფაქტი, როცა ძმები/ტყუპები ცენტრალურ მცველებად გვევლინებიან, ასეთ შემთხვევაში მათი ურთიერთგაგება/შეთამაშება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც გიორგი აღნიშნავს, ძმებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.
ლუკა: „ბავშვობიდან ცენტრალური მცველები ვართ. გიორგი მარცხენა, მე მარჯვენა. ბავშვობიდან სულ გვერდიგვერდ ვთამაშობდით. გიორგი თამაშზე ინიციატივას უფრო მეტად იღებს. როცა საჭიროა ბურთი ამოაქვს, შეუძლია დაცვაში გარისკოს, მოატყუოს. მეც შემიძლია, მაგრამ მე უფრო მეტად აკადემიური ვარ. გიორგის პლუსი ის არის, რომ უფრო მოქნილი და სხარტია. მოტყუება იცის, ხანდახან ამ მხრივ ბევრს აკეთებს, ზოგჯერ რისკავს და მწვრთნელიც ეუბნება, დაცვაში რატომ მიდიხარ კაცის მოტყუებაზეო’’.
გიორგი: „ჩვენი მთავარი პლუსი თავდამსხმელებთან ერთ-ერთზე კარგი თამაში და დაზღვევაზე ზუსტი მოქმედებაა, მოედანზე იდეალური ურთიერთგაგება გვაქვს, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის’’.
ლუკა: „მეორე სართულზე კარგად ვთამაშობთ, საკმაოდ კარგად’’.
ლიეჟის „სტანდარდში'' ჩაშლილი ტრანსფერი
ლუკა: „ახლა კლუბთან კონტრაქტი არ გვაკავშირებს, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არის. პირველი პროფესიული კონტრაქტი შარშან უნდა გაგვეფორმებინა, მაგრამ მამამ უარი თქვა, რადგან გიორგის ლიეჟის „სტანდარტი’’ იწვევდა, იტალიელი აგენტი გვეხმარებოდა, „სტანდარტში’’ ჩვენზე და მეტწილად გიორგიზე ინფორმაცია ჰქონდათ, ინტერესი რეალური იყო.
გიორგისთან ერთად „სტანდარდტში’’ მეც უნდა გადავსულიყავი, ასეთი შეთანხმება იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა’’.
ფიზმომზადება პრიორიტეტია
ბელგიის 21-წლამდე ჩემპიონატში, სადაც ამ სეზონში ტყუპები თამაშობენ, ფიზმომზადება პრიორიტეტია. კარგი ფიზმომზადება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ძილი, კვება, სწორი სავარჯიშო რეჟიმი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ტყუპებს მძიმე ტრავმა არასდროს მიუღიათ, რაც მათ კარგ ფიზიკურ მომზადებას უსვამს ხაზს.
ლუკა: „ფიზმომზადებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. სირბილი, გამძლეობა... თან ცენტრალურ მცველს ფიზიკური მომზადება ძალიან გჭირდება, სხვანაირად არ გამოვა, სულ ჭიდაობა გიწევს, სულ ორთაბრძოლებია. თან ცენტრალური მცველი თუ ფიზიკურად კარგად არ მოემზადები, არაფერი გამოვა.
ნიკოლას კოლუბრი: „ორივე მოთამაშე ფიზიკურად კარგად განვითარებულია, საკუთარ სხეულზე თითქმის ყოველდღე მუშაობენ. ფიმომზადების თვალსაზრისით ერთადერთი ხარისხი, რისი განვითარებაც სჭირდებათ, სისწრაფეა. ვგულისხმობ მაღალ სისწრაფესა და აჩქარებას’’.
ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი
2021 წლის აპრილში, როცა „ეუპენის’’ 16-წლამდე გუნდში თამაშობდნენ, გიორგი ჩიტაურმა ტყუპები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახა. კოვიდპერიოდი იყო, ოფიციალური შეკრება არ ყოფილა.
ლუკა: „ნაკრების მწვრთნელები გავაფრთხილეთ, იცოდნენ რომ მე ნაკრებში კოჭის ტრავმით ჩავედი, გიორგი - შლატერის ტრავმით. თან კოვიდის გამო „ეუპენის’’ აკადემიაში სავარჯიშო პროცესი შეჩერებული იყო. უცბად, ნაკრებიდან დაგვირეკეს და ჩამოვედით, ამხანაგური მატჩი თბილისის „დინამოს’’ აკადემიასთან ჩავატარეთ. როგორც მამას უთხრეს, ჩვენი თამაში მოეწონათ, კმაყოფილები დარჩნენ. გვითხრეს: „თუ დაგვჭირდებით, დაგიძახებთ’’.
ზარს, ნაკრებიდან შეთავაზებას სულ ველოდებით. ალბათ, ჩვენს შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ფაქტია, ჯერ შანსი არ მოგვცეს.
იმედი გვქონდა, რომ ბოლო შეკრებებზე გამოგვიძახებდნენ. თან ვიცით, რომ ბევრი ლეგიონერი მიიწვიეს. ძალიან გაკვირვებულნი ვართ. არ ვიცით, რა გავაკეთოთ. მაინდამაინც პირველ გუნდში უნდა დაგვაწინაურონ, რომ დაგვიძახონ?
ნაკრებში მყავს ახლობლები და როგორც გავიგე, ჩვენი სიმაღლით არ არიან კმაყოფილები, უფრო მაღალი მცველები სჭირდებათ. შესაძლოა, მიზეზი ეს არის’’ (ლუკას სიმაღლე: 1,86 მ, გიორგის სიმაღლე: 1,85 მ).
გიორგი: „მიუხედავად იმისა, რომ წლებია ბელგიაში ვცხოვრობთ, ქართული ენის შენარჩუნება პრობლემა არ ყოფილა, ოჯახში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობთ, საქართველო ჩვენს გულშია. ამიტომ, ველოდებით, რომ ერთ დღესაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან დაგვირეკავენ’’.
გიორგი: „ახლა ბელგიის მოქალაქეობა არ გვაქვს, მაგრამ საბუთი გვაქვს თითქმის ყველა უფლებით. მხოლოდ ხმის მიცემა არ შეგვიძლია არჩევნებზე.
საბუთს ვადა სამ წელში ეწურება და შემდეგ ბელგიის მოქალაქეობას მოვითხოვთ. ახლაც შეგვიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვათ. სამი წლის შემდეგ შეგვიძლია ორმაგი მოქალაქეობა გვქონდეს, საქართველოსა და ბელგიის''.
„თუ მოედანზე არ საუბრობ, მწვრთნელი გიყვირის’’
ლუკა: „აქ მწვრთნელები ცოტა ცივად გეპყრობიან, ერთი-ერთზე იშვიათად გელაპარაკებიან, სულ გუნდთან ერთად გესაუბრებიან. „საბურთალოში’’ სხვანაირად იყო, თან მაშინ პატარები ვიყავით, მწვრთნელები თბილად გვექცეოდნენ, გვეფერებოდნენ.
„ეუპენის’’ 16-წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელი მიშელ გრანჟანი იყო, რომელიც ძალიან გვენდობოდა, ბევრს გვათამაშებდა, მისი დახმარებით „ეუპენში’’ სახელი გავითქვით.
ბავშვობაში, გასახდელში, გიორგი ცოტა მორცხვი იყო, მიშელი გიორგის სულ ეთამაშებოდა, მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. კაპიტნად დანიშნა, რომ მეტი ელაპარაკა. ამ მიდგომამ მასზე დადებითად იმოქმედა, ლაპარაკი დაიწყო.
საუბარს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ახლაც ასეა, თუ არ საუბრობ, მწვრთნელი გიყვირის. დიდ ფეხბურთს ასე გვაჩვევენ. მეტწილად ამას მცველებს სთხოვენ. ვარჯიშისას თუ თამაშისას სულ ისაუბრეთ, არ გაჩერდეთო’’.
გიორგი: „მთელ თამაშს ხედავთ და საუბარი აუცილებელიაო’’.
თამაში 5-მცველიან ფორმაციაში
ნიკოლას კოლუბრე უპირატესობას 5-მცველიან სქემასა და კონტრიერიშებზე თამაშს ანიჭებს.
ლუკა: „ამ ფორმაციის შესრულებისას მწვრთნელი გვეუბნება, „ვინგბექს’’ უთხარი როდის „ავიდეს’’ და როდის „ჩამოვიდეს’’. ნახევარმცველს უთხარი შენი ადგილი დაიკავოს. მოკლედ, ყველაფერი შენ, მცველმა უნდა აკონტროლო. 5-მცველიან ფორმაციაში ცენტრალური მცველი შეტევაში უფრო ხშირად ერთვები, უფრო მეტად იღებ ინიციატივას, რადგან დამზღვევი გყავს, 4-მცველიანში უფრო ფრთხილი ხარ. სამი ცენტრალური მცველი უპირატესობას ქმნის, როტაციას აკეთებ და თავდამსხმელს ღლი, სივრცე რჩება, რომელიც უნდა აითვისო’’.
გამორჩეული თანაგუნდელები/მეტოქეები
ტყუპები 11-წლამდე „საბურთალოში’’ იმ ბიჭებთან ერთად იზრდებოდნენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობენ/უთამაშიათ: სანდრო ავალიანი, გიორგი ნარიმანიძე, გივიკო ხაჩიძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, მიხეილ მაქაცარია, შოთა კვერენჩხილაძე, გაბრიელ სიგუა, დაჩი ლორთქიფანიძე, თემურ გოგნაძე, ლუკა წულუკიძე.
ლუკა: „საბურთალოში’’ გარკვეული პერიოდულობით გაბრიელ სიგუასთან ერთად ვთამაშობდით. ძალიან კარგი ბიჭი იყო, სულ წუწუნებდა, ბევრს ითხოვდა, როგორც საკუთარი თავისგან, ასევე გუნდელებისგან. ფიზმომზადებით გამოირჩეოდა, მაშინაც მაღალი იყო, სულ მოძრაობდა, არ იღლებოდა. თამაშში სულსა და გულს დებდა, ძალიან მოტივირებული იყო.
გიორგი: „გაბრიელი ძალიან კარგი ბიჭი იყო, გამორჩეული მოთამაშე’’.
გასულ ზაფხულში გიორგი და ლუკა „ეუპენის’’ 18 წლამდე გუნდიდან 21-წლამდე გუნდში დააწინაურეს. „ეუპენს’’ ძლიერი აკადემია აქვს, ტყუპების 6 თანაგუნდელი ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებშია: რაფაელ დი მატეო, მატეო ფილორიძო, ვიქტორ ტიონი, ლორენცო იუნჯე, ტეო მარეშალი, ლუკა დალა კოსტა.
ლუკა: „ჩემთვის ტეო მარეშალი ყველაზე მაგარია, ძალიან ტექნიკურია. ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ. რაც შეეხება მეტოქის ფეხბურთელებს, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგალითად არტურ ვერმერენთან, „ანტვერპენის’’ აღზრდილია, ტექნიკა და ინტელექტი სულ ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო, სისწრაფე აკლდა. ფიზიკურად მოუმატა, ახლა ბელგიის ნაკრებშია, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსას’’ გაუტანა. მასზე მეტად ნოაჰ მბამბა-მუანდა მომეწონა, მეგონა პოგბას ვეთამაშებოდი, სხვა ნიჭი ჰქონდა, ახლა ლევერკუზენის „ბაიერშია’’. „ანდერლეხტის’’ აღზრდილი მიკა გოდტსიც ბრწყინვალეა, „აიაქსმა’’ იყიდა’’.
გიორგი ქარსელაძისა („რიუ ავე’’), ირაკლი ეგოიანისა („ტვენტეს’’) და ჯამალ კაიშვილის („ბაიერნი’’) შემდეგ სტატია „ეუპენის'' ქართველ ფეხბურთელებზე დავწერე. სტატიებს ამ ციკლს პირობითად შეგვიძლია „ახალი მიქაუტაძის ძიების პროცესი'' ვუწოდოთ. 90-იან წლებში დაწყებული ემიგრაცია აჩენს იმ შესაძლებლობას, რომ უცხოური კლუბების აკადემიებში აღზრდილმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა საქართველოს ასაკობრივ/ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია გაზარდონ, სამომავლოდ ქართულ ფეხბურთს სარგებელი მოუტანონ. ამიტომ, ვცდილობ მათზე მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. შესაძლოა, ამ მხრივ გარკვეულწილად საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებსაც დავეხმარო.
გთხოვთ, სტატიასთან დაკავშირებით დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული აზრი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, შენიშვნები ყოველგვარი მორიდების გარეშე დააფიქსირეთ.
ქართული ფესვების მქონე ნიჭიერი ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც უცხოური კლუბების აკადემიებში იზრდებიან, სტატიების სერია გაგრძელდება. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ. უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთ სტატიას შემოგთავაზებთ.