კონტრაქტი 2026 წლამდე - სელესაოს ბრაზილიელი მწვრთნელი ჩაიბარებს
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 61 წლის სპეციალისტი დორივალ ჟუნიორი ჩაიბარებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გაფორმდება.
დორივალი „სან პაულუს’’ წვრთნიდა, ბრაზილიურმა კლუბმა გამოცდილ სპეციალისტს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, თუმცა დორივალმა ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, უპირატესობა „სელესაოს’’ მიანიჭა.
დორივალ ჟუნიორს ბრაზილიურ კლუბებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. შემდეგ კლუბებს წვრთნიდა: „კორიტიბა’’, „ვასკო და გამა’’, „სანტოსი’’, „ფლამენგო’’, „პალმეირასი’’, „ატლეტიკო პარანენსე’’, „ატლეტიკო მინეირო’’, „კრუზეირო’’, „ფლუმინენსე’’ და სხვები.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფერედერაცია მთავარი მწვრთნელის პოსტს კარლო ანჩელოტის სთავაზობდა, თუმცა იტალიელმა „სელესაოს’’ გაწვრთნას „სამეფო კლუბში’’ დარჩენა ამჯობინა.
გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული „სელესაოს’’ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ფერნანდო დინიზი ასრულებდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად 2024 წლის 5 იანვარს დასრულდა.