გოგას მაგარი მატჩი | ორმაგი დუბლი, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება ოვერტაიმში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „დენვერ ნაგეთსთან“ მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და სასურველი შედეგი მძიმე ბრძოლაში დააფიქსირა.
შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე, „ატლანტას“ კალათბურთელმა, სადიქ ბეიმ ანგარიში 105:105 გახადა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებითი ხუთწუთეული უკეთ „ორლანდოს“ მოთამაშეებმა ჩაატარეს და 117:110 იმარჯვეს.
ბითაძემ „მეჯიქის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. გოგამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 27 წუთზე მეტი ითამაშა, მიმდინარე რეგულარულის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ორმაგი დუბლი გააკეთა - 11 ქულა, 14 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. ბითაძემ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 4 პერსონალური ფოლი იყო.
„ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 35 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო. კეილებ ჰიუსტენს 25 ქულა ჰქონდა, ჯეილენ საგსმა და მორიტც ვაგნერმა 16 და 15 ქულა დააგროვეს. „ჰოუქსის“ რიგებში 31 ქულით ტრეი იანგი გამოირჩა. ბოგდან ბოგდანოვიჩს 18 ქულა ჰქონდა, დეჟონტე მიურეის - 24.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 21 მოგება და 15 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს გამართავს და „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.