„მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას და საზონოვის თამაშს
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა და ფაქტობრივად უშანსოდ, 3:0 დამარცხდა.
კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, საზონოვი კი მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა.
ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება:
Calcionapoli24 – 4 ქულა: ჯიჯი თავიდანვე ფეხზე ეჯდა. 24-ე წუთზე მისი დარტყმული ორმა მეტოქემ მოიგერია. შემდეგ კი გაუჩინარდა და ძირითადად ისეთ პოზიციებზე ჩნდებოდა, რომელიც მისი არ იყო.
OASport – 4.5 ქულა: მისთვის რთული თამაში იყო. მუდმივად გაორმაგებული დაცვის წინააღმდეგ თამაშობდა და გუნდისთვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებას ვერ ახერხებდა. მას განსხვავება უნდა შეექმნა, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდა, პრაქტიკულად არასდროს ანათებდა. იშვიათად ვხედავთ იმას, რასაც შარშან აკეთებდა. დარტყმებსა და პასებში ძალიან არაზუსტია.
Calcionapoli1926 – 4.5 ქულა: დარბოდა, მაგრამ როდესაც ბურთი ჰქონდა, სახიფათოს ვერაფერს აკეთებდა. ნამდვილი კვარა უკვე შორეული და გაცვეთილი მოგონებაა.
Tuttonapoli – 4 ქულა: „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა. ამოუცნობი იყო, ისევე როგორც მთელი გუნდი.
Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: ჩვეულებისამებრ, გალიაში აღმოჩნდა. ღირებულის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი თითქმის არ ჰქონია. მას აღარ აქვს გავლენა.
რაც შეეხება საბა საზონოვის შეფასებას, იმის გამო, რომ ქართველი მცველი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, მის მისამართით საანგარიშო მოხსენებები არ ყოფილა, თუმცა, ცნობილმა სააგენტოებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან Tuttomercatoweb, Toro.it და Sofascore, მისი თამაში 6 ქულით შეაფასეს.
ამ გამარჯვებით, „ტორინომ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა და „ნაპოლისთან“ სხვაობა 1-ქულამდე შეამცირა. საზონოვის გუნდი ამ დროისთვის მე-10 ადგილზე იმყოფება, „ნაპოლი“ კი 28 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. მე-20 ტურში, „ტორინო“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება, „ნაპოლი“ კი საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ მიიღებს. ორივე შეხვედრა 14 იანვარს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.