ტორინო, ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი
Aa
Aa

ნაპოლის მძიმე მარცხი ტორინოსთან | ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, საზონოვმა 15 წუთი

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ „ტორინოს“ ესტუმრა და მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა. ვალტერ მაცარის გუნდი მძიმედ გამოიყურებოდა და 0:3 დამარცხდა.

პირველ ტაიმში, ნეაპოლელებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს, რასაც ტონი სანაბრიას გოლი მოჰყვა. მეორე ნახევრის სტარტზე კი მთავარი და გარდამტეხი მოვლენები მოხდა.

49-ე წუთზე, „პარტენოპეის“ დებიუტანტი პასკუალე მაძოკი, რომელიც მოედანზე 4 წუთის შესული იყო, უხეში თამაშისთვის გააძევეს, რასაც ნიკოლა ვლაშიჩმა გოლიც მიაყოლა - 2:0 ათკაციანი „ნაპოლის“ წინააღმდეგ. მატჩის საბოლოო ანგარიში ალესანდრო ბუონჯორნომ დააფიქსირა.

ნეაპოლურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. ოღონდ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავად გუნდისთვისაც, ბოლო სეზონების განმავლობაში, ხარისხობრივად ასეთი ცუდი თამაშის გახსენებაც ძალიან რთულია. „კვარა“ ტურინელებს ძალიან კარგად ჰყავდათ ამოკეტილი და ბურთის მიღებისას ეფექტურად აპრესინგებდნენ. ქართველს გამორჩეულად დასამახსოვრებელი ეპიზოდი არ ჰქონია.

მეორე მხრივ, პიემონტელთა მხარეს 21 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა საბა საზონოვმა, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე შეიყვანეს. ტანმაღალმა ქართველმა კოფი ჯიჯი ჩაანაცვლა და დაცვის ცენტრში ბუონჯორნო-როდრიგესის დუეტს შეუერთდა.

„ნაპოლისგან“ განსხვავებით, „ტორინოს“ მშვენიერი სეზონი აქვს - 27 ქულით მე-10 ადგილზე არიან და თავად ნეაპოლელებს - 1-ით, ხოლო ევროტურნირების ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან. ვალტერ მაცარის გუნდი, „ფიორენტინას“ მარცხის გამო, ოთხეულთან კვლავ 5-ქულიან დისტანციაში რჩება.

„ტორო“ მომდევნო ტურში „ჯენოას“ ეწვევა, „ნაპოლი“ კი რეგიონის დერბიში „სალერნიტანას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 იანვრის სატრანსფერო ზონა
7 იანვრის სატრანსფერო ზონა