მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის | საქართველოს ნაკრების მორიგი გამარჯვება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს და 10 იანვარს დაიწყება. ქართველმა ხელბურთელებმა მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართეს და ქუვეითს დაუპირისპირდნენ.
ჩვენმა ბიჭებმა პირველი ტაიმი 14:13 მოიგეს, მეორე ნახევარში კი უპირატესობა გაზარდეს და 34:30 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყო მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი), ხოლო მასთან ერთად კარგი მატჩი ქონდა გუნდის კაპიტან თეიმურაზ ორჯონიკიძეს (6 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვს (5 გოლი).
ცნობისთვის, საქართველო E ჯგუფში იმყოფება და ჩვენი მეტოქეები შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებები არიან. პირველი შეხვედრა 11 იანვარს, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გველის. მეორე ტურში შვედეთს შევხვდებით, მესამეში - ბოსნია და ჰერცეგოვინას.
დღეს შვედეთმა, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია. წლის პირველ მატჩში 42-30 დაამარცხა იაპონია. ნიდერლანდების ნაკრები Golden League-ს ფარგლებში გუშინ ეგვიპტესთან 30-28 დამარცხდა და ხვალ ნორვეგიას, ხოლო ზეგ დანიას დაუპირისპირდება. ბოსნია-ჰერცეგოვინა Yellow Cup-ზე ასპარეზობს. პირველ მატჩში 32-23 დამარცხდა არგენტინასთან და დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო ხვალ ბოლო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.