„ყველას ეგონა, რომ მკვდარი ვიყავი“ | ბრაის მიტჩელი ემეტის ბრუტალურ ნოკაუტს იხსენებს
ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა ჯოშ ემეტთან გამართული ბრძოლა გაიხსენა, რომელშიც ბრუტალური ნოკაუტით დამარცხდა. მიტჩელმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ ნოკაუტის შემდეგ, მისი ახლობლები ტიროდნენ, რადგან ეგონათ, რომ ბრაისი ცოცხალი აღარ იყო.
„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ემეტის ნოკაუტის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ გარდაცვლილი ვიყავი და ყველამ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, ტირილი დაიწყო. კარგი ისაა, რომ კარიერის უმარტივესი ბრძოლა ჩავატარე. სასწრაფო დახმარების მანქანაში გამოვფხიზლდი და საერთოდ არაფერი მახსოვდა. ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი, მაგრამ არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ჩემი ყველა ახლობელი ტიროდა, რადგან ეგონათ, რომ გარდავიცვალე“.
სხვათა შორის, მიტჩელმა საკუთარ თავს ვარჯიში 6 თვით აუკრძალა და ოქტაგონზე გასვლას არ ჩქარობს. რამდენიმე დღის წინ, მან ემეტს მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჯოშმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა, როცა ნოკდაუნის შემდეგ, გაჩერდა და იერიში არ გააგრძელა.
ცნობისთვის, ემეტს გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ „ნინძამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.