„კონორმა არც კი იცის, ვინ ხარ“ | ომალის პასუხი ილია თოფურიას
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიას უპასუხა. რამდენიმე საათის წინ, „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ „შუგასთან“ ბრძოლა არ აინტერესებს და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან აპირებს ჩხუბს.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც. 1) თინეიჯერები? ვერ გავიგე, რას გულისხმობ. 2) მოდი, Pay Per View-ების გაყიდვებზე ფსონს ჩამოვიდეთ და 100 000 აშშ დოლარი მიიღოს იმან, ვისაც უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნება. თუ 100 000 ერთიანად არ გაქვს, არა უშავს, შეგიძლია, 4 ნაწილად გაყო და 25-25 ათასი გამომიგზავნო. 3) კონორ მაკგრეგორმა არც კი იცის, ვინ ხარ“, - დაწერა ომალიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ომალის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „შუგამ“ პარალელი კონორ მაკგრეგორთან გაავლო და ილია ედი ალვარესს შეადარა. ეს უკანასკნელი მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომლის დამარცხების შემდეგაც, მაკგრეგორი ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრების მფლობელი გახდა და ისტორია დაწერა.
ცნობისთვის, ომალი მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 10 მარტს გამართავს და მარლონ „ჩიტო“ ვერას დაუპირისპირდება. „შუგას“ კარიერაში ერთი მარცხი აქვს და 2020 წელს სწორედ „ჩიტოსთან“ წააგო.