ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ, საკუთარ სტატისტიკურ მოდელზე დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. CIES-მა ტოპ 100 შემოგვთავაზა და გასაკვირი არავისთვისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წამყვანი პოზიცია უკავია.
CIES-ის მიხედვით, „კვარას“ ფასი 115.3 მილიონი ევროა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი მსოფლიოში 21-ე გახლავთ, იტალიის სერია A-ში - პირველი. კვარაცხელიას რაფაელ ლეაუ მოჰყვება, რომელიც 114.2 მილიონადაა შეფასებული. „მილანისა“ და „ნაპოლის“ გარემარბების შემდეგ, სერია A-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესია (102.9 მილიონი), ვიქტორ ოსიმენი მეოთხე ადგილზეა - 100.5 მილიონი.
გეტყვით იმასაც, რომ CIES-ის რეიტინგში პირველი პოზიცია ჯუდ ბელინგემს უკავია (267.5 მილიონი). მეორეზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ (251.2 მილიონი), მესამეზე ვინისიუს ჟუნიორია (250.3 მილიონი) მეოთხე - როდრიგო გოეში (247.9 მილიონი), მეხუთე - ბუკაიო საკა (223 მილიონი).
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 80 მილიონი ევროა. სამენეჯერო სააგენტოს მიხედვით, იგი სერია A-ში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. „კვარაზე“ წინ ოსიმენი, ლაუტარო და ლეაუ იმყოფებიან.