გრიგალაშვილი, ბექაური, სულამანიძე და მაისურაძე | რას წერს IJF-ი ქართველ ჯუდოკებზე
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ისაუბრა ჯუდოკებზე, რომლებიც ოლიმპიური თამაშების წელს თავიანთ წონითი კატეგორიის რეიტინგების ლიდერების სტატუსით ხვდებიან. ბუნებრივია, IJF-ის ყურადღების ცენტრში ქართველი ჯუდოკებიც მოექცნენ და აი, რას წერს, ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაცია მათზე:
-81 კილოგრამი წონითი კატეგორია
„-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს მატიას კასე იკავებს, მასთან ძალიან ახლოს კი ტატო გრიგალაშვილი იმყოფება. წითელი არშიით ორივე მათგანი გვინახავს და ორივეს შეუძლია, საოცარი ძიუდო აჩვენოს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქართველის მხარესაა - 4:2. გამორიცხული არაა, ოლიმპიადის ფინალში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გამარჯვებულის ვინაობის პროგნოზირება მარტივი ნამდვილად არ გახლავთ. ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული ანგარიში გვეუბნება, რომ მოგება ნებისმიერ მათგანს შეუძლია“.
-90 კილოგრამი წონითი კატეგორია
„ლუკა მაისურაძე პირველ ადგილს დიდი უპირატესობით იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ ჯუდოკას დაახლოებით 1600 ქულით უსწრებს. სხვა წონით კატეგორიებში, 1600 ქულა შეიძლება, ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ან კონტინენტური კვოტის შესავსებად იყოს საკმარისი, -90-ში კი ესაა განსხვავება მწვერვალზე მყოფ მაისურაძესა და მის კონკურენტებს შორის. ლუკას მთავარი მდევარი ძიუდოს სამყაროსთვის კარგად ნაცნობი ჯუდოკაა, რომელიც ტატამიზე ოქროსფერი არშიით გადის. ლაშა ბექაურმა 2021 წლის ოლიმპიადა ახლად გამოჩენილი ახალბედას სტატუსით მოიგო და მთავარი შეკითხვა ისაა, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას ვინ დაიცავს. ვის აირჩევს საქართველო? ოქროს მედლის მოპოვება ორივეს შეუძლია, თუმცა, იაპონელი და უზბეკი ჯუდოკები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქართველები შეაჩერონ“.
-100 კილოგრამი წონითი კატეგორია
„-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ილია სულამანიძე გახლავთ. 22 წლის ასაკში რეიტინგის ლიდერობა და ამ პოზიციაში ყოფნა საოცარი მიღწევაა, თუმცა, ოლიმპიურ თამაშებზე მოვლენები არასდროს ვითარდება ისე, როგორც წინასწარ გვგონია და სულამანიძეს პოდიუმი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს“.