შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს
ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ფინანსური პრობლემები აქვს. ჟირონდელები ინვესტორს ეძებდნენ, რომელიც კლუბის აქციების ნაწილს შეიძენდა, მაგრამ L’Equipe-ის ინფორმაციით, ინვესტორის მოყვანა დროულად ვერ ხერხდება, რის გამოც, ფეხბურთელთა გაყიდვა გადაწყდა.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის მიხედვით, „ბორდოს“ ტექნიკური დირექტორი, ადმარ ლოპესი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და რამდენიმე მოთამაშის მსურველს ეძებს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვის ზამთარში გაყიდვაზეც „ბორდო“ ფიქრობს, ზურიკო დავითაშვილია. მის გარდა, ალბერტ ელისის, მალკომ ბოკელეს, დანილო იგნატენკოსა და სტიან გრეგერსენის გასხვისება იგეგმება.
სეზონის სტარტზე, „ბორდოს“ წარმომადგენლები მენეჯმენტის კონტროლის ნაციონალურ კომისიას (ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებს, DNCG) შეხვდნენ და 2023/24 წლების სეზონის ბიუჯეტი წარუდგინეს. „ბორდოს“ ფინანსური დავალიანება აქვს, რის გამოც, ვითარების გამოსწორების დირექტივა მიიღეს.
15 დეკემბერს, აღნიშნულმა კომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „ბორდომ“ მდგომარეობის გამოსასწორებლად დამატებით 1 თვე ითხოვა. ჟირონდელები ინვესტორის ძიებაში იყვნენ, რომლის წყალობითაც, კრიზისიდან გამოვიდოდნენ, მაგრამ დროში ვერ ჩაეტივნენ და შესაძლოა, სანქციებიც დაეკისროთ. L’Equipe-ის ცნობით, არის შანსი, „ბორდოს“ სატრანსფერო ბანი დაადონ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონიდან, ლიგა 2-დან გააგდონ. კლუბში იმედი აქვთ, რომ დავალიანების ნაწილს ფეხბურთელთა გაყიდვით დაფარავენ.