„გასულ სეზონში ასე რომ ეთამაშა, ფენომენზე არ ვისაუბრებდით“ | ჟურნალისტი კვარაზე
იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც „პარტენოპეი“ „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს. სკოტომ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კვარა“ ბევრ მომენტს აფუჭებს.
„ნაპოლის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. გამომდინარე აქედან, მგონია, რომ პარტენოპეი ტორინოსთან მატჩს აგრესიული დამოკიდებულებით შეხვდება და შეეცდება, ინიციატივა პირველივე წუთიდან ხელთ იგდოს. ძალისმიერი დაპირისპირება იქნება და ტორინოს სტუმრად დამარცხება მარტივი არავისთვისაა. თუ ნაპოლი სიმშვიდეს შეინარჩუნებს, უპირატესობა მის მხარეს იქნება, მაგრამ არის შანსი, ვიქტორ ოსიმენის არყოფნამ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინოს. თანაც, ჯაკომო რასპადორი პრაქტიკულად არ ჩანს, ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, კვარა კი ბევრ მომენტს აფუჭებს. პარტენოპეისთვის გოლის სწრაფად გატანა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.
ნაპოლის რომელმა მოთამაშეებმა უნდა მოუმატონ, რათა გუნდმა ვითარების გამოსწორება შეძლოს? სტანისლავ ლობოტკამ და ხვიჩა კვარაცხელიამ. ოსიმენის არყოფნაში კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც განსხვავება უნდა შექმნას. გასულ სეზონში ასე რომ ეთამაშა, მასზე, როგორც ფენომენზე კი არა, ვისაუბრებდით როგორც ფეხბურთელზე, რომელიც ბოლომდე გახსნილი არაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელია მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და მეტოქეებს პრობლემებს უქმნის“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 7 იანვარს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.