Il Mattino ხვიჩას კონტრაქტზე: „კვარა სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებს, მაგრამ...“
ცნობილი იტალიური გამოცემა, Il Mattino დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალებზე წერს და აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელი აურელიო დე ლაურენტისის ნაბიჯებს მოუთმენლად ელოდება.
რა წერია Il Mattino-ს სტატიაში:
ხელშეკრულების განახლების მოლოდინი დღითიდღე იზრდება. როგორც ყოველთვის, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელისგან განსხვავებით განსაკუთრებულად არ ჩქარობს. ქართველ ფენომენს გარშემო ისეთი ადამიანები ჰყავს, რომელთა გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ რეალურად, ის ისევ მოუთმენლად ელის, როდის შეძლებს ხელმძღვანელობასთან წელიწადნახევრის წინ გაფორმებული კონკრაქტის პირობების განხილვას.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი 1.6 მილიონ ევროს შეადგენს. ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.