„3-5-2 წყობა? და სად ითამაშებს კვარა?“ - იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ნაპოლიზე
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანჩესკო გრაციანიმ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ახალი ფორმაციის, 3-5-2-ის საკითხსაც შეეხო. გრაციანის თქმით, გუნდს მიმდინარე სეზონში ამ წყობაზე გადასვლა გაუჭირდება და ფიქრობს, რომ ვალტერ მაცარიმ კლასიკური 4-3-3-ით უნდა განაგრძოს თამაში.
რას ამბობს გრაციანი:
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაცარი 3-5-2-ზე უნდა გადაეწყოს, ვფიქრობ, შორს არის. „ნაპოლიმ“ აუცილებლად უნდა იპოვოს თავისი თავი. ფეხბურთში შეგიძლია ეცადო გაუმჯობესებას, მაგრამ იმ გზიდან გადახვევა, რომელიც ყველაზე კარგად იცი, სწორი არ იქნება. „ნაპოლი“ ახლა ასე თამაშობს და წყობის შეცვლა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანია, რომ ახლა, კლუბმა და მწვრთნელებმა გაიგონ რა ხდება ამ გუნდში. გასაგებია, რომ შარშანდელ ტრიუმფალურ მოგზაურობას ვერ გაიმეორებ, მაგრამ „ნაპოლიმ“ თვითმყოფადობა, თავმოყვარეობა, ღიმილი და თამაშით გართობის სურვილი დაკარგა. აუცილებელია, საქმეში შესაბამისი პირები ჩაერიონ, რათა გაიგონ, რა ხდება. ვხედავ, რომ მაცარის ჩამოსვლასაც არ მოჰყოლია შედეგი და ცვლილებების შოკი.
ტაქტიკურ ცვლილებებზე გუნდმა სამომავლოდ უნდა იფიქროს, მაგრამ 3-5-2-ზე ახლა გადავა, სად უნდა ითამაშოს კვარამ? ან რამდენ თავდამსხმელს გამოიყენებს? ამას დიდი ფიქრი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება. ვალტერ მაცარის გუნდი უახლოეს შეხვედრას 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.