დაბრუნებაც ასეთი უნდა - ნადალმა დომინიკ ტიმი დაამარცხა
1-წლიანი პაუზის შემდეგ, რაფაელ ნადალი კორტს დაუბრუნდა. ლეგენდარული ესპანელი ბრისბეინის ტურნირში იღებს მონაწილეობას, სადაც პირველივე წრეში მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე დომინიკ ტიმი შეხვდა.
„მატადორმა“ შესანიშნავად ითამაშა და ორ სეტში 7:5 6:1 გაიმარჯვა. პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე მოთამაშე აქტიურობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში რაფას სასარგებლოდ 6:5 იყო, ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტში ყველა ელოდა, რომ ბრძოლა გაგრძელდებოდა, მაგრამ ნადალის უპირატესობა აშკარა იყო, რაც ანგარიშშიც აისახა. ესპანელმა ორი ბრეიკი შეასრულა და 6:1 გაიმარჯვა. მატჩი 1 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა. შემდეგ ტურში რაფაელი ჯეისონ კუბლერს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ „თიხის მეფემ“ ტრავმა 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.
ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა.