სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „ფინიქს სანსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ფლორიდელები სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 115:121 დამარცხდნენ.
მატჩის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე, „ორლანდო“ 93:92-ს იგებდა, მაგრამ „გოლდენ სტეიტი“ 14:4 გაიქცა, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და სასურველი ანგარიში დააფიქსირა.
ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე 26 წუთი გაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის კალათს 100-პროცენტიანი სიზუსტით შეუტია და 5-დან 5 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო. ბითაძემ აქტივში 13 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
„მეჯიქის“ მაისურით, გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ პაოლო ბანკერომ (27) და ფრანც ვაგნერმა (25) დააგროვეს. ბითაძემ 3 პერსონალური ფოლი მიიღო და დაკარგვა არ ჰქონია. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში კი 36 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. ჯონათან კუმინგამ 19 ქულა გააკეთა, კლეი ტომპსონმა - 15.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 19 მოგება და 14 წაგება აქვს და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას 4 იანვარს შეეცდება, როცა სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.