გოლი ბოლო წუთზე - ქვილითაიამ აპოელი მარცხისგან იხსნა
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელები პირველივე წუთებიდან სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშეს. ქართველების გუნდმა პირველ ტაიმი 2:0 დათმო, თუმცა, მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო, ამაში კი უდიდესი წვლილი გიორგი ქვილითაიამ შეიტანა.
ანგარიში მასპინძლებმა 32-ე წუთზე, კოლის გოლით გახსნეს, 36-ე წუთზე კი ეკპოლომ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, მარკინიოსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ფაქტობრივად წაგებულ მატჩში საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
გიორგი ქვილითაიასთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. ქართველმა ფეხბურთელმა „აპოელის“ შემადგენლობაში 2023/24 წლების სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა.
17 ტურის შემდეგ „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 39 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ანორთოსისს“ 2 ქულით უსწრებს. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას „ანორთოსისის“ წინააღმდეგ 6 იანვარს გამართავს.