ჩაკვეტაძის სასტარტო და ასისტი - უოტფორდმა 6-გოლიან თრილერში ვერ მოიგო
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგი მატჩი 2024 წლის პირველივე დღეს გამართა და სტუმრად, „პლიმუთთან“ სანახაობრივ მატჩში ფრედ, 3:3 ითამაშა.
სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალი წლის პირველივე დღეს „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მთავარი მწვრთნელისგან მიღებული ნდობა საგოლე გადაცემით გაამართლა.
საბოლოო ანგარიშიდანაც მიხვდებით, რომ დღევანდელი მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა 6 გოლი იხილა. ანგარიში „უოტფორდმა“ მე-11 წუთზე, კაიემბეს გოლით გახსნა. მალევე, მასპინძლებმა აზაზის გოლით წონასწორობა აღადგინეს, 27-ე წუთზე კი უიტაკერის გოლით დაწინაურდნენ. ზუსტად 10 წუთში, ანგარიშის გათანაბრება ამჯერად „უოტფორდმა“ შეძლო, „პლიმუთის“ კარში გოლი კონემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა.
ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა მაინც შეძლეს დაწინაურება და ჰარდის გოლის წყალობით პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში ერთი გოლი გავიდა, ისიც სტუმართა მხრიდან, რომელიც საბოლოოც გამოდგა, თუმცა, ორივე გუნდის კართან არაერთი რეალური მომენტი შეიქმნა. ამის მიუხედავად, გუნდებმა გოლების გატანა ვეღარ შეძლეს.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 72-ე წუთზე გაიყვანეს, მის მაგივრად კი თამაშში დელი-ბაშირუ ჩაერთო.
გიორგი ჩაკვეტაძისთვის ეს მატჩი „უოტფორდის“ შემადგენლობაში მე-20 იყო, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
26 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ჩესტერფილდის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი FA თასის ეგიდით გაიმართება.