წაიყვანეთ - იუნაიტედმა ვარანი ტრანსფერზე დააყენა
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რაფაელ ვარანი ტრანსფერზე დააყენა. „წითელი ეშმაკები“ აბსოლუტურად ყველა შეთავაზებას მოისმენენ, რომელიც ფრანგ უკანახაზელს შეეხება.
30 წლის ცენტრალური მცველის ხელშეკრულება 2025 წლის ივნისში იწურება. „იუნაიტედში“ თვლიან, რომ რაფაელი 2024 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა გაიყიდოს, რადგან დროის გასვლასთან ერთად მისი ფასი დაეცემა.
ამ მომენტისთვის, ვარანის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაელს „ბლანკოსში“ სურდა დაბრუნება, მაგრამ „რეალმა“ უარი თქვა.
Daily Mail-მა დაწერა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი შესაძლოა „ლანსში“ დაბრუნდეს, მაგრამ ფრანგულ კლუბს 25 მილიონის გადახდა არ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ვარანმა ერიკ ტენ ჰაგის ნდობა დაკარგა და ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მის ადგილს კი ვეტერანი ჯონი ევანსი იკავებს. ეს ყველაფერი ფრანგი ფეხბურთელისთვის მიუღებელია და „მანჩესტერში“ გაჩერება არც თავად სურს.
შეგახსენებთ, რომ რაფაელი „წითელ ეშმაკებს“ 2021 წელს შეუერთდა. დღემდე ვარანმა „იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 79-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.