ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სეზონის იმედგაცრუება - ფრანგული გამოცემა დავითაშვილს აკრიტიკებს

Girondins4Ever, რომელიც ჟირონდული გამოცემაა, სეზონის პირველი ნახევრიდან გამომდინარე ზურიკო დავითაშვილის თამაშს უარყოფითად აფასებს. სტატიის ავტორი ამ სეზონის იმედგაცრუებად ქართველ ფეხბურთელს მიიჩნევს, შემტევი „ბორდოს'' თამაშში გადამწყვეტ როლს ვეღარ ასრულებს, თუმცა კრიტიკა მხოლოდ დავითაშვილს არ ეხება, გუნდს რომელსაც ლიგა 1-ში აღზევებისთვის უნდა ებრძოლა, შესაძლოა მიზნად ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება ექცეს.

„ზურიკო დავითაშვილს სეზონის ისეთი სტარტი არ ჰქონდა, რასაც ქომაგები იმედოვნებდნენ. გასული თვეებიდან გამომდინარე პროგრესი არ აქვს, სტაგნაციაშია. ახლა გაცილებით ნაკლებად გადამწყვეტია. შეტევაში ძველებურად პროდუქტიული მხოლოდ პერიოდულადაა, სტაბილურობა დაკარგული აქვს. შემაშფოთებელ ნიშნებს ავლენს, გასვლით შეხვედრებში თავის თავს არ ჰგავს. ამ ეტაპზე მწვრთნელის ნდობას ინარჩუნებს, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება?''

გამოცემა კიდევ ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას. ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების გამოვლენა გასვლით შეხვედრებში გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე საშინაო კედლებში.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულიდან ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში’’ თამაშობს, ლიგა 2-ის 49 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ექვსივე გოლი საშინაო შეხვედრებში გაიტანა. 6 გოლთან ერთად მის აქტივში 6 საგოლე პასია. რაც შეეხება ამ სეზონს,  ლიგა 2-ის 19-ვე ტურში ითამაშა, სასტარტოში 15-ჯერ მოხვდა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი შემტევის უგოლო სერია 10-მატჩიანია. ბოლოს 3 ოქტომბერს „კაენს'' შეუგდო.

საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის ბოლო ტურში „დიუნკერკი’’ შინ „ბორდოსთან’’ 0:2 დამარცხდა. ამ გამარჯვებით „ბორდომ’’ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 19-დან 6 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 8 დათმო. დავითაშვილის გუნდი 20-გუნდიან ლიგა 2-ში 22 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები