ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ყველას წინააღმდეგ“ | როგორ შეაფასა იტალიურმა პრესამ ხვიჩას თამაში

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „მონცას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელი გამორჩეული იყო და ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. „კვარა“ მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და საინტერესოა, იტალიურმა გამოცემებმა მისი თამაში როგორ შეაფასეს.

Calcionapoli24: „ფლანგზე დაიწყო და ცენტრისკენ ხშირად შედიოდა, რათა დაერტყა ან ჩაეწოდებინა. ყველა ბურთისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მარტო იყო, დაინახავდით, რომ მსოფლიოს გაყოფა უნდოდა. 44-ე წუთზე, საფირმო დარტყმა კარს ძალიან ცოტათი ააცილა. 55-ე წუთზე, კარგი პასი მიიღო, მაგრამ მკვლელის ინსტინქტი დააკლდა. მოწინააღმდეგის დაცვაში ხვრელები იპოვა, მაგრამ ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს. ბონდოსთან ჩხუბის გამო ყვითელი ბარათი მიიღო და პრაქტიკულად, მარტო იყო ყველას წინააღმდეგ“.

Eurosport: „მაგიის გამონათებები დავინახეთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, მკვლელის ინსტინქტი აკლია. ეს მატჩი ნათელი მაგალითია იმ კომპონენტებისა, რომლებშიც მოსამატებელი აქვს, რათა ევროპული ფეხბურთის მწვერვალს მიაღწიოს. სახიფათო მომენტი მონცასთანაც ვერ გამოიყენა, თუმცა, გუნდმა და ვალტერ მაცარიმ იდეალურ კონდიციებში უნდა ჩააყენონ და კარის წინ დატოვონ. დღეს, მან უკან ბევრი კილომეტრი ირბინა“.

Virgilio: „ძველ დონეზე დაბრუნების ნიშნები ქართველისგან. ვიქტორ ოსიმენის გარეშე დარჩენილ ნაპოლიში ის ერთადერთია, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა“.

Tuttonapoli: „მეტოქეებზე წასვლას ცდილობდა და პერეირას რამდენჯერმე აიძულა, წესები დაერღვია. პირველი ტაიმის ბოლოს, იღბალს იმსახურებდა, 55-ე წუთზე კი უკეთ უნდა ეთამაშა, თუმცა, ნაპოლის მაისურით ერთადერთი იყო, ვინც საკუთარ მეურვეს სისტემატურად სცდებოდა“.

Tuttomercatoweb: „მატჩი, რომელიც მიმდინარე სეზონს კარგად ასახავს. ყველანაირად ეცადა, განსხვავება შეექმნა და ბევრი ირბინა. ალბათ, ძალიან ბევრიც... და ამან საშუალება არ მისცა, განსხვავება შეექმნა, როცა საჭირო იყო“.

ამრიგად, „პარტენოპეის“ 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2024 წელს გამართავს და 7 იანვარს „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე